Thumbnail
  • დავით ქუბრიაშვილი კვლავ უკლუბოდაა
  • Midi Olympique-ის ინტერვიუ ქართველ მორკინალთან

PRO D2-ის გრენობლის ყოფილი მორაგბე დავით ქუბრიაშვილი ახალ გუნდს ეძებს. ამის შესახებ ცნობილი სარაგბო გაზეთი Midi Olympique იუწყება, რომელიც 33 წლის ქართველ პირველხაზელთან მცირე ინტერვიუს გვთავაზობს.

"კორონავირუსის პანდემიის გამო, დავით ქუბრიაშვილი საფრანგეთის პროფესიონალი მორაგბეების ასეულს შეუერთდა, რომლებიც აქამდე უკლუბოდ არიან. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ქუბრიაშვილს 47 კეპი მოუგროვდა და ის დარწმუნებულია, რომ რაგბის თამაში მაღალ დონეზე კიდევ 2-3 სეზონი შეუძლია. მას 13 სეზონი აქვს გატარებული Top 14-ში და PRO D2-ში", - წერს ფრანგული გამოცემა.

ბოლო სეზონში ქუბრიაშვილმა გრენობლში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა

Midi Olympique: თქვენ საფრანგეთში 13 წლის წინ ჩამოხვედით და კარიერაში მონპელიეში, ტულონში, სტად ფრანსესა და გრენობლში გითამაშიათ. როგორია თქვენი ახლანდელი სიტუაცია?

დავით ქუბრიაშვილი: საშინელება არ არის, იმ მოთამაშეთა რიცხვში ვარ, რომელთაც ვირუსისგან გამოწვეული კრიზისის გამო, ახალი სამსახურის ძიება უწევს...

Midi Olympique: როდის შეიტყვეთ, რომ გრენობლთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა?

დავით ქუბრიაშვილი: ეს ჯერ კიდევ კრიზისამდე იყო. გრენობლის ხელმძღვანელობასთან ვერ შევთანხმდი. თუმცა საზაფხულო ბაზარი საოცრად მშვიდი გამოდგა და ჩემთვის, ისევე, როგორც ბევრი მორაგბისთვის, არაფერი მოხდა...

Midi Olympique: რომელიმე კლუბთან არ გქონდათ მოლაპარაკება?

დავით ქუბრიაშვილი: ჩემი აგენტის იმედად ვიყავი, მაგრამ ის საერთოდ გაქრა, ტელეფონზეც კი არ პასუხობს. იმედი მაქვს, რომ კარგად არის.

Midi Olympique: როგორია უმუშევარის ყოველდღიური გრაფიკი?

დავით ქუბრიაშვილი: მადლიერი ვარ გრენობლის, რომელმაც გამომიყო დარბაზი სავარჯიშოდ. იქ მაშინ ვვარჯიშობ, სანამ გრენობლის ახალგაზრდული გუნდი ან ქალთა გუნდი არ მოვა, ხელი რომ არ შევუშალო. შემდეგ მივდივარ შინ და ოჯახზე ვზრუნავ. უქმეებზე ტვ-ში რაგბის ვუყურება. რა თქმა უნდა, ეს ცხოვრების დასასრული არ არის, მაგრამ არც სახარბიელო სიტუაციაა.

Midi Olympique: სარაგბო კარიერას სადამდე გააგრძელებთ?

დავით ქუბრიაშვილი: ჯერ 33 წლის ვარ, წინ კიდევ 2 ან 3 სეზონი მაქვს. კრიზისამდე გრენობლის რიგებში 18 თამაში დამიგროვდა, ყველაფერი ნორმალურად იყო. ვიმედოვნებ, რომ იღბალი ისევ შემობრუნდება. ადრე თუ გვიან, კლუბებს დასჭირდებათ ბურჯები.

Midi Olympique: საფრანგეთში როგორ აღმოჩნდით?

დავით ქუბრიაშვილი: 2007 წელს მამუკა გორგოძე მონპელიეს შეფებს ჩემზე ესაუბრა. ჩამოვედი, როგორც ესპუარი, შემდეგ კი ტულონში გადავედი, საოცარი გუნდი იყო. მწვრთნელი ტანა უმაგა, ჯონი უილკინსონი, სონი ბილ უილიამსი, ჯო ვან ნიკერკი კაპიტნად... დღისითაც მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი. 

კომენტარები

ბოლო ამბები