Thumbnail

ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ოზურგეთი-ჩოხატაური-ლანჩხუთში, საარჩევნო ბლოკის "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთაბაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. 

საარჩევნო ბლოკის კანდიდატებს შორის, სადაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, "რესპუბლიკური პარტია", "ევროპელი დემოკრატები", "პროგრესი და თავისუფლება" და "სახელმწიფო ხალხისთვის" გაერთიანდნენ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დილარ ხაბულიანიც დასახელდა. ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რაჭის ოლქში იქნება.

"დიდი მსჯელობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარად კენჭი ვიყარო გურიაში, რადგან იქ დავიბადე და კარგად ვიცი, იქ მცხოვრები ადამიანების პრობლემები", - განაცხადა მანუჩარ კვირკველიამ.

მანუჩარ კვირკველიამ, რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. კვირკველია, რომელსაც ასევე გაუმარჯვია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

ამასთან, თბილისის დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას ვაჟი, ვიტალი დარასელია-უმცროსი "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატი საბურთალოს საარჩევნო ოლქში იქნება. ვიტალი დარასელია-უმცროსს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 2002-05 წლებში გამოდიოდა, 2004 წელს თბილისის დინამოსთან ერთად "თანამეგობრობის თასზე" გაუმარჯვია.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები