Thumbnail

ყველაფერი შეიცვალა: ლაუტარო მარტინესს ბარსელონასთან და რეალთან არაფერი აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლაუტარო მარტინესის მრჩეველმა განცხადება გააკეთა
  • არგენტინელი ალბათ მილანის ინტერში დარჩება

ბარსელონა? რეალი? როგორც ჩანს, ლაუტარო მარტინესი მილანის ინტერში რჩება!

არგენტინელი ფეხბურთელის მრჩეველმა ბატო იაქემ განაცხადა, რომ მისი კლიენტი მილანურ კლუბში რჩება. “ბარსელონასთან და რეალ მადრიდთან არაფერია, ლაუტარო ინტერში რჩება,” - უთხრა მან იტალიელ ჟურნალისტებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, იაქე და ინტერის ხელმძღვანელები ოქტომბრის დასაწყისში 23 წლის ფორვარდის ხელფასის გაზრდაზე დაილაპარაკებენ.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ლაუტარო მარტინესის შეძენას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ ინტერისთვის 111 მილიონი ევროს გადახდას საბოლოოდ მაინც არ დათანხმდა. კატალონიაში წასვლა თავად ფეხბურთელსაც სურდა, სადაც თამაში თანამემამულე ლიონელ მესის გვერდით მოუწევდა.

ლაუტარო მარტინესი ინტერმა 2018 წლის ზაფხულში რასინგიდან 25 მილიონი ევროდ იყიდა. 2019/20 წლების სეზონში მან 49 მატჩში 21 გოლი გაიტანა. სერია A-ში 35 თამაშში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 14 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. არგენტინელი კარგი იყო ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც 6 შეხვედრაში მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები