Thumbnail

პაუ გასოლმა შვილს კობი ბრაიანტის ქალიშვილის სახელი დაარქვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კობი და ჯანა 26 იანვარს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ
  • ესპანელი კალათბურთელი ბრაიანტის ახლო მეგობარი იყო

ლეგენდარულმა ესპანელმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა და მისმა მეუღლემ ქეთრინმა ახალდაბადებულ ბავშვს კობი ბრაიანტის გარდაცვლილი ქალიშვილის სახელი დაარქვეს. მოგეხსენებათ, კობი და მისი ქალიშვილი, 13 წლის ჯანა 26 იანვარს, კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ, გასოლმა კი მეგობრისა და მისი შვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

"ჩვენი პატარა, როგორც იქნა, მოვიდა. მშობიარობამ კარგად ჩაიარა და ძალიან ბედნიერები ვართ. ელისაბეტ ჯანა გასოლი - ძალიან მნიშვნელოვანი სახელი ჩვენი სუპერლამაზი შვილისთვის“, - დაწერა ესპანელმა ტვიტერში.

გასოლის მეუღლე ქეთრინმა პოსტი ინსტაგრამში გამოაქვეყნა: "ელისაბეტ ჯანა გასოლი ჩვენს ოჯახს 10 სექტემბერს შემოუერთდა. ჩვენ ტკბილი ელისი უკვე ძალიან გვიყვარს“. ამ პოსტს კობი ბრაიანტის ქვრივი ვანესა კომენტარით გამოეხმაურა: "მიყვარხართ, გილოცავთ!“

კობი ბრაიანტი და პაუ გასოლი 2008-2014 წლებში ლოს ანჯელეს ლეიკერსში თანაგუნდელები იყვნენ და 2009 და 2010 წლებში NBA-ს ჩემპიონობაც ერთად მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ 40 წლის ესპანელმა კობის გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახთან ურთიერთობა შეინარჩუნა და ის რამდენჯერმე მოინახულა.

კომენტარები

ბოლო ამბები