Thumbnail

ზედიზედ მე-6 მარცხი - ბასილაშვილი რომის ტურნირსაც პირველ წრეში გამოეთიშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 1:6 ლორენცო სონეგო
  • ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში ვარდნას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილს წარუმატებელ სერიას დასასრული არ უჩანს. 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა და თანაც, ამ შეხვედრებში სეტიც კი არ მოუგია.

ბასილაშვილი ამჯერად იტალიის დედაქალაქ რომში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 3 854 000 ევრო) ჩაება და საწყის რაუნდში მასპინძელ ლორენცო სონეგოსთან 3:6, 1:6 დამარცხდა.

თამაში საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა მსოფლიოს 47-ე ჩოგანთან 7-დან მხოლოდ 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 5-ჯერ წააგო. ქართველმა ჩოგბურთელმა 1 ეისი მიითვალა და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, პირველ მოწოდებაზე კი მხოლოდ 46%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ამგვარად, ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ბასილაშვილი ზედიზედ დამარცხდა მიშა ზვერევთან (გერმანია, 5:7, 1:6), იან-ლენარდ შტრუფთან (გერმანია, 1:6, 5:7), ფელიქს ოჟე ალიასიმთან (კანადა, 4:6, 1:6), ავსტრალიელ ჯონ მილმანთან (1:6, 4:6, 4:6), არგენტინელ ფედერიკო დელბონისთან (5:7, 3:6) და ახლა, უკვე სონეგოსთან.

გასაკვირი არაა, რომ ამგვარი შედეგების გათვალისწინებით, ნიკოლოზის რეიტინგიც უარესდება. ATP-ს მიერ დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში ბასილაშვილმა კიდევ 2 პოზიცია დაკარგა და 1 395 ქულით 32-ე ადგილზე იმყოფება. მოსალოდნელია, რომ ქართველი ჩოგბურთელისთვის მომდევნო ტურნირი ჰამბურგის ღია პირველობა (21-27 სექტემბერი) იქნება, სადაც ჩვენებური მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავა და მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, უკვე სოლიდური ვარდნა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები