Thumbnail

ამერიკულმა Fadeawayworld-მა NBA-ს 2 ბოლო ათწლეულების ყველაზე დასამახსოვრებელი გუნდები – 1995-96 წლების ჩიკაგო და 2016-17 წლების გოლდენ სტეიტი შეადარა და დაასკვნა, რომ მაიკლ ჯორდანი და მისი თანაგუნდელები ზაზა ფაჩულიასა და სხვა უორიორსელებს მცირე უპირატესობით აჯობებდნენ.

“1995-96 წლების სეზონში ბულსმა რეგულარულ სეზონში 72 მატჩი მოიგო და 20 წლის განმავლობაში ამგვარი შედეგის დაფიქსირება ვერავინ მოახერხა. 2015-16 წლების სეზონში ჩიკაგოელთა რეკორდი გოლდენ სტეიტმა დაამხო, რომელმაც 73 გამარჯვება იზეიმა. ის ჩიკაგო, რომელშიც მაიკლ ჯორდანი და სკოტი პიპენი თამაშობდნენ, დიდი ხანი ითვლებოდა ხელშეუხებლად, თუმცა, მას შემდეგ, რაც უორიორსმა სტეფ კარის კევინ დიურანტი მიუყვანა, დაისვა კითხვა? რომელია ყველაზე გამორჩეული გუნდი ისტორიაში? ცხადია, იმ გუნდების შედარება, რომლებსაც 2 ათეული წელი აშორებთ, ძალიან ძნელია. მითუმეტეს, რომ მას შემდეგ კალათბურთის წესებიც კი შეიცვალა. მიუხედავად ამისა, შევეცდებით, ეს გავაკეთოთ”, - წერს აღნიშნული ვებ-გვერდი და ერთმანეთს ჩიკაგოსა და გოლდენ სტეიტის სასტარტო ხუთეულების წევრებს უპირისპირებს. ცხადია, ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებული ეპიზოდი უნდა იყოს.

1995-96 ჩიკაგო ბულსი

სასტარტო: რონ ჰარპერი, მაიკლ ჯორდანი, სკოტი პიპენი, დენის როდმანი, ლუკ ლონგლი.
სათადარიგოები: ტონი კუკოჩი, სტივ კერი, ბილ ვენინგტონი, რენდი ბრაუნი, ჯუდ ბუეხლერი, ჯეიმს ედვარდსი, ჯონ სელი.
მწვრთნელი: ფილ ჯეკსონი.

2016-17 გოლდენ სტეიტ უორიორსი

სასტარტო: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი, ზაზა ფაჩულია.
სათადარიგოები: ანდრე იგუდალა, შონ ლივინგსტონი, ჯავალ მაკგი, პატრიკ მაკკოუ, იან კლარკი, დევიდ ვესტი, დამიან ჯოუნსი, მეტ ბარნსი, ჯეიმს მაიკლ-მაკადუ.
მწვრთნელი: სტივ კერი.

ლუკ ლონგლი V ზაზა ფაჩულია

"ცხადია, რომ ეს კალათბურთელები გუნდებში პირველ პლანზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა, თავიანთი როლი კი ჰქონდათ. ვფიქრობთ, ლონგლი მცირედით უკეთესი გახლდათ თუნდაც პასების მხრივ, მაგრამ ეს როლიც ძალიან მინიმალური იყო. ზაზაც და ლუკიც შედარებით მოუქნელი კალათბურთელები იყვნენ და მათი უშუალო დაპირისპირება ნამდვილად სახალისო იქნებოდა. მათ სამწამიან ზონაში ხისტი ბრძოლა ექნებოდათ და ალბათ, რამდენიმე ბლოკ-შოტსაც გამორჩებოდნენ, შემდეგ კი, სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მოუწევდათ, რადგანაც სათამაშო დრო მაინც შეზღუდული ჰქონდათ. ლონგლის შეეძლო ყველა გაეოცებინა და რამდენიმე შეტევაში ზედიზედ თვითონ შეეტია, თუმცა, ფაჩულიასთან ამის გაკეთება რთული იქნებოდა. თავისი რეპუტაციიდან გამომდინარე, ზაზა იოლ ბურთს არავის ჩააგდებინებდა".

როგორც აღვნიშნეთ, Fadeawayworld-მა ვირტუალური დაპირისპირება ჩიკაგოს მოაგებინა და ადვილი მისახვედრია, რომ ამის მთავარი მიზეზი მაიკლ ჯორდანი გახდა. ხსენებულმა ვებ-გვერდმა როგორღაც ისიც გამოთვალა, რომ 2 ლეგენდარული გუნდის თამაშს ბულსი 107:101-ს მოიგებდა, ჯორდანი კი მატჩს 37 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით დაასრულებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები