Thumbnail

‘ალმერიაში სკამზე დასაჯდომად არ გადმოვსულვარ’ - ინტერვიუ გიორგი მაკარიძესთან

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • გიორგი მაკარიძე სეგუნდა დივიზიონში მიზნებზე საუბრობს
  • 30 წლის მეკარემ პოპსპორტის კითხვებს უპასუხა

ბოლო წლებია, ეროვნულ ნაკრების მთავარ მწვრთნელებს მეკარის პრობლემა არ აწუხებთ. საქართველოს ნაკრებს ორი მაღალი კლასის გოლკიპერი ჰყავს - გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე. რამდენიმე დღის წინ, ამ უკანასკნელმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ ალმერიასთან 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერა ხელი. ალმერია გასული სეზონის ბოლოს ლა ლიგაში გადმოსასვლელ პლეი-ოფს თამაშობდა. კლუბს ამ სეზონშიც მაღალი მიზნები აქვს. 30 წლის მაკარიძემ პოპსპორტის რამდენიმე კითხვას უპასუხა.

POPSPORT: პორტუგალიიის პრიმერადან ესპანეთის სეგუნდაში გადასვლა წინ გადადგმულ ნაბიჯად მიგაჩნია?

გიორგი მაკარიძე: რა თქმა უნდა. თუ პორტუგალიის ჩემპიონატის 3-4 კლუბს არ ჩავთვლით, ალმერია ყველა გუნდზე ძლიერია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდში ესპანეთის პრიმერაში ნათამაშები ფეხბურთელები გვყავს. ჩვენთან ინგლისელი ფორვარდი და ბარსელონას და რეალის სკოლაგამოვლილი მოთამაშეები არიან. ამიტომაც, აქ გადმოსვლა, კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

POPSPORT: რა მოხდა სეტუბალში?

გიორგი მაკარიძე: გუნდს დიდი ხანია, რვა წელია, ერთი და იგივე პრობლემა ჰქონდა - წლიდან წლამდე უარესდებოდა სეტუბალის ფინანსური მდგომარეობა. რაც მოხდა, ლოგიკურია. სეტუბალში ყველა ფეხბურთელისადმი ფინანსური დავალიანება არსებობდა და არსებობს. პანდემიამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა. ვეღარ მოხერხდა თუნდაც იმ რაოდენობის რესურსის მოზიდვა, რომელიც ამ დავალიანების ნაწილს მაინც გაანულებდა.

POPSPORT: იყო ინფორმაციები შენი პორტუგალიურ გრანდებში გადასვლის შესახებ. განსაკუთრებით აქტუალური კარიერის ბენფიკაში გაგრძელება იყო. რატომ ჩაიშალა ეს ტრანსფერი?

გიორგი მაკარიძე: ბენფიკასთან კონტრაქტს სამი წელი ვაფორმებდი, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ბოლოს ყველაზე კურიოზული რამ მოხდა. 2020 წლის იანვარში ისევ იყო ბენფიკასგან დაინტერესება. ლისაბონურ კლუბს მეორე მეკარედ ვუნდოდი. ყველაფერი შეთანხმებული იყო. დათქმული იყო კონტრაქტის გაფორმების თარიღიც, მაგრამ ერთი დღით ადრე სეტუბალის პრეზიდენტი გადადგა, ახალმა პრეზიდენტმა კი გუნდიდან არ გამიშვა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის რიგებში ყოფნის ნაცვლად, იმ გუნდში დარჩენა მომიწია, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა.

'კონკურენციის არ მეშინია. პირიქით, ეს ფაქტი მხოლოდ შემართებას მმატებს'

POPSPORT: ალმერია ლა ლიგაში გადმოსასვლელ პლეი ოფს თამაშობდა. გუნდში ფერნანდო მარტინეს რუბიოა, რომელიც ძირითად მეკარედ მიიჩნევა. როგორ ფიქრობ, შეძლებ მისთვის კონკურენციის გაწევას?

გიორგი მაკარიძე: ალმერიაში სკამზე დასაჯდომად არ გადმოვსულვარ. კონკურენციის არ მეშინია. პირიქით, ეს ფაქტი მხოლოდ შემართებას მმატებს. ვფიქრობ, რომ ალმერიას პირველ ნომრობას შევძლებ. ჩემპიონატის სტარტზე კარში მაინც ალბათ რუბიო იდგება, რადგანაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ პროცესში, იმედი მაქვს, შანსი მომეცემა და გამოვიყენებ.

POPSPORT: რას ელოდები 8 ოქტომბრის მატჩისგან და რა შთაბეჭდილება დატოვა იგივე ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც შეიძლება ფინალში ჩვენი მეტოქე იყოს?

გიორგი მაკარიძე: ძალიან მინდა, რომ მატჩები მაყურებლებთან ერთად ჩატარდეს. ვფიქრობ, რომ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ გულშემატკივრებით კიდევ უფრო დიდი უპირატესობა გვექნება. საქართველოს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, რომ ამ ოთხეულის ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს. ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდები არიან. ამიტომ, მათში ფავორიტის დასახელება მიჭირს, მაგრამ არცერთი მათგანი არ მგონია ისეთი ძალის, რომ ჩვენთან გამარჯვების მოპოვება შეეძლოთ.

📌 საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი მაკარიძის დებიუტი 2007 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში შედგა, რომელიც კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა 2:0 მოიგო. მას ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ხოლო ეროვნულ გუნდის კარს კი 15-ჯერ იცავდა. უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე მაკარიძე პორტუგალიური კლუბების წევრი იყო. გარდა ამისა, მას ფრანგულ ლემანსა და კვიპროსულ დოკსა კატაკოპიაშიც აქვს ნათამაშები.

კომენტარები

ბოლო ამბები