Thumbnail
  • ლაუტარო მარტინესი კარიერას ბარსელონას ნაცვლად რეალში გააგრძელებს
  • ინტერს 23 წლის არგენტინელზე მოლაპარაკება გასაიდუმლოებული ჰქონდა
  • მადრიდის რეალი ფორვარდში დაახლოებით 100 მილიონ ევროს გადაიხდის

მილანის ინტერის თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი, რომლითაც ბარსელონა ინტერესდებოდა, კარიერას კატალონიელთა მთავარ კონკურენტთა რიგებში - მადრიდის რეალში გააგრძელებს. SportMediaset-ის ცნობით, იტალიურმა და ესპანურმა კლუბებმა 23 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე მოილაპარაკეს. 

ახლა არგენტინელები საპირისპირო ბანაკებში აღმოჩნდებიან

როგოც ირკვევა, აგენტებმა მადრიდელებთან ტრანსფერი ძალიან სწრაფად შეათანახმეს, ინტერი კი ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდა, რათა ბარსელონა არ გაენაწყენებინა და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაეყენებინა კატალონიიდან მილანში არტურო ვიდალის გადასვლა. 
  
"ნერაძურის" ხელმძღვანელობა მარტინესის დათმობას იმის გამო დათანხმდა, რომ ჩელსიდან ნგოლო კანტეს ტრანსფერისთვის საჭირო სახსრები მიიღოს. საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის გადაბირებას მილანელთა თავკაცი ანტონიო კონტე ითხოვს. 

სავარაუდოდ, რეალში არგენტინელის გაყიდვით, ინტერი 100 მილიონ ევროს მიღებს და ამით არა მხოლოდ კანტეს საფასურს გადაიხდის, რომელიც 50-60 მილიონი ევროთი განისაზღვრება, არამედ გადაფარავს იმ 40-მილიონიან ხარჯსაც, რომელიც მადრიდის რეალიდან აშრაფ ჰაკიმის შესაძენად გაიღო. 

ლაუტარომ სერია A-ს გასული სეზონის 35 მატჩში 14 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა

ამას გარდა, შესაძლოა ლაუტაროს გადაბარგების საპირისპიროდ, ინტერში აღმოჩნდეს მადრიდელთა ფორვარდი ლუკა იოკიჩი. საუბარია სერბის იჯარაზე, შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით.  

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ლაუტარო მარტინესის შეძენას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ ინტერისთვის 111 მილიონი ევროს გადახდას საბოლოოდ მაინც არ დათანხმდა. კატალონიაში წასვლა თავად ლაუტარო მარტინესსაც სურდა, სადაც თამაში თანამემამულე ლიონელ მესის გვერდით მოუწევდა.

ლაუტარო მარტინესი რეალისთვის სერიოზული შენაძენი იქნება

მაგრამ, როგორც ჩანს, ფორვარდმა არჩევანი საბოლოოდ მაინც რეალზე შეაჩერა, სადაც ხელფასად წელიწადში 8 მილიონ ევროს გადაუხდიან. ეს 3 მილიონით მეტია იმაზე, რასაც ინტერი უხდიდა და 2 მილიონით ნაკლები, ვიდრე ბარელონა სთავაზობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები