Thumbnail
  • კალიდუ კულიბალი მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს სურთ
  • თუ ტრანსფერი ამ კვირაშივე არ შედგა, სენეგალელი ნაპოლიში დარჩება
  • სიტი-ნაპოლის მოლაპარაკებებს კლუბების ცუდი ურთიერთობა ართულებს

კალიდუ კულიბალი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, რომელიც ამ სატრანსფერო ფანჯარაში ბაზარზეა. ნაპოლი თანახმაა, რომ სენეგალელი გაყიდოს, თუმცა მასში თითქმის 80 მილიონ ევროს ითხოვს და მოლაპარაკებების დროს ფასს არ უკლებს. ნაპოლის მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსალაპარაკებელი კაცია.

კულიბალის ორი მსურველი ჰყავს: მანჩესტერ სიტი და პარი სენ-ჟერმენი. ფავორიტად სიტი მიიჩნევა. მთელი ზაფხულის მანძილზე ნაპოლიმ სიტის არაერთი წინადადება უარყო.

ცენტრალური მცველი სიტისაც სჭირდება და პსჟ-საც. პარიზიდან ტიაგო სილვა წავიდა და მისი შემცვლელი არ ჰყავთ, ხოლო სიტიში სტოუნსი და ოტამენდი დიდი ხანია გვარდიოლას მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებენ.

კულიბალი ნაპოლიმ გენკიდან სულ რაღაც 7.5 მილიონად იყიდა

იტალიის ჩემპიონატი ერთ კვირაში იწყება და ნაპოლიმ კულიბალის მსურველებს ულტიმატუმი წაუყენა - მათ ამ კვირაში, ანუ ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა დაასრულონ ტრანსფერი, თუ არადა, სენეგალელი ნეაპოლში დარჩება.

სიტი ნაპოლის მოთხოვნილ თანხაზე სულ 5 მილიონით ნაკლებს სთავაზობს, თუმცა გუნდებს შორის მოლაპარაკებებს ის ფაქტი ართულებს, რომ ისინი ერთმანეთს პირდაპირ არ ესაუბრებიან. მოლაპარაკებებს შუამავალი ფალი რამადანი უძღვება, რადგან მას შემდეგ, რაც დე ლაურენტისმა ჟორჟინიო არა სიტიში, არამედ ჩელსიში გაყიდა, კლუბებს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია.

კომენტარები

ბოლო ამბები