Thumbnail
  • გონსალო იგუაინს იუვეს გულშემატკივარი ემშვიდობება
  • 'პიპიტას' გოლი ტორინოსთან განსაკუთრებული აღმოჩნდა

გონსალო იგუაინის იუვენტუსიდან წასვლა თითქოს ისეთი ამბავია, განსაკუთრებულ ყურადღებას რომ არ უნდა იმსახურებდეს. ეს ასეც იქნებოდა, ‘პიპიტასთან’, უფრო სწორად კი, მის ერთ გოლთან განსაკუთრებული ისტორია რომ არ მაკავშირებდეს. ამ სტატიის დაწერის მოტივაციაც სწორედ ეს გოლი და ეს ისტორიაა.

იგუაინის წასვლა ლოგიკური იყო. ‘პიპიტას’ უკვე ვეტერანი ეთქმის. ბოლო წლებია, მოედანზე თითქოს უფრო დადის, ვიდრე დარბის. ტურინიდან ის ლეგენდის სტატუსით არ მიდის, თუმცა იუვეში მისი მუდამ მადლობლები იქნებიან. სამი სეზონი, 60 გოლი, საჩემპიონო გოლი ინტერთან, როცა იუვე მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 1:2-ს აგებდა, ნაპოლის ჩემპიონობა გარდაუვალი ჩანდა და 130 წამში ჯერ კუადრადომ დე მერე ‘პიპიტამ’ მატჩი და ჩემპიონატი მოატრიალეს.

იგუაინის ფოტო, ‘სან სიროზე’ ქამბექს რომ ზეიმობს, იუვენტინოებს არასოდეს დაავიწყდებათ. ასეთი წელსაც შეაგდო, იმავე სტადიონზე, როცა იუვემ ინტერი კიდევ ერთხელ დაამარცხა - ემოცია იგივეა, მხოლოდ ფორმაა განსხვავებული.

პიპიტას ემოცია ინტერთან

პიპიტას ემოცია ინტერთან

თითქოს რა უნდა იყოს იუვენტინოსთვის იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე საჩემპიონო გოლი ‘სან სიროზე’ ინტერის წინააღმდეგ, მაგრამ მე ასეთი გოლიც მაქვს. აი, ის ’პირადი გოლი’.

ეს იყო 2017 წელს. მარტში, ერთ საღამოს, იმ სიტუაციაში მოხვდი, როდესაც უნდა გამეკეთებინა ის წინადადება, რომელზეც უარს ვერ ამბობენ. ამ წინადადების ადრესატი ის ადამიანი იყო, რომელიც იქამდე თითქმის 10 წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა პროფესიული ურთიერთობის მიღმა ერთად ყავის დალევაც თითქოს არ გამოდიოდა. უბრალოდ, ამის წინაპირობა, თუ სიტუაცია არ იყო. ვიცოდი, მხოლოდ ერთი შანსი მქონდა.

როგორ შეიძლება გააკეთოს ‘იუვენტინომ’ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება?! პასუხს ალბათ უკვე მიხვდით: ‘Dove la porto la Signorina? Allo Juventus Stadium’ - სად შეიძლება ქალბატონო დავპატიჟო?! იუვენტუსის სტადიონზე’ - ასე ჟღერდა წლების წინ ახალგახსნილი იუვეს სტადიონის სლოგანიც და ჩემი შეთავაზებაც.

ამ წელს იუვე ფანტასტიკური იყო, განსაკუთრებით საკუთარ არენაზე - სკუდეტო, ბარსელონასთან 3:0 და ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 15-დან 15 გამარჯვება სახლში, ბონუჩი-ბარძალი-კიელინის კედელი უკან და დიბალა-იგუაინის არგენტინული დუეტი შეტევაში.

დიბალა-იგუაინის დუეტი იმ სეზონში განსაკუთრებული იყო

ეს იყო Derby della Mole - ტურინული დერბი ტორინოს წინააღმდეგ. იუვეს მაისისთვის ყველა საშინაო თამაში მოგებული ჰქონდა, ტორინომ დერბი როდის მოიგო, თვითონაც არ ახსოვდა და მაინცა და მაინც ზუსტად ამ თამაშში გავიდა წინ 0:1.

სიტუაციას სწორედ რომ მიხვდეთ, ტურინული მოგზაურობა ჩემთვის უფრო შესაძლებლობა იყო, ვიდრე რამის გარანტია. მეც, იმ წინადადებაში, რომელზეც უარი ვერ უნდა თქვან, ჩემთვის ყველაზე ძვირფასს და ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, იუვენტუსს ვაჩვენებდი. იუვესაც ზუსტად იმ დღეს მოუნდა წაგება და ეს მას შემდეგ, როცა სახალხოდ ვიძლეოდი გარანტიას, რომ ტორინოს შანსი არ ჰქონდა. მოკლედ, შეიძლება ახლა გაგეცინოთ, მაგრამ თითქოს ჩემი რეპუტაცია სასწორზე იდო.

იგუაინმა ის თამაში სკამიდან დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის თამაში ჰქონდათ და ისვენებდა. არადა, ყველაზე მეტი რეკლამა სწორედ მას გავუკეთე - 100-მილიონიანი სუპერბომბარდირის ნაპოლიდან ყიდვა იმ სეზონში იუვენტინოებისთვის მთავარი ამბავი იყო.

‘სად არის ის ასმილიონიანი იგუანა’ - ამ შეძახილით (დიახ, იგუანა, შეცდომა არ გეგონოთ) მოუწოდებდა ჩემი ‘მეგობარი’ მაქსი ალეგრის ‘პიპიტას’ შემოყვანისკენ. თბილისიდან ტურინული დერბი თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ შიდა იტალიურ ამბავში ეს ომია, მთელი ქალაქი ამ თამაშით ცხოვრობს და ტრიბუნებზეც საომარი განწყობა იყო - იუვეს საძულველ მეზობელთან წაგება არაფრით უნდოდა. ამ გარემოში თუ მოხვდი, არასოდეს დაგავიწყდება.

იუვენტუსი უკანმოუხედავად უტევდა. ‘პიპიტა’ სადღაც 80 წუთისკენ გამოვიდა, ბევრი არ ურბენია, 90-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და გაიტანა. ეს საქმე ყოველთვის ძალიან მაგრად იცოდა. 1:1 და მე ყოველთვის მისი მადლობელი ვიქნები, ჩემი მოგზაურობა რომ არ ჩაშალა. 2017 წლის 6 მაისს იყო ეს ამბავი.

ტურინში ‘პიპიტა’ ძალიან უყვართ - მისი გოლების გამო ყველამ იცის, რომ იუვეს ისტორიული ზედიზედ 9 ჩემპიონობა იგუაინის გარეშე არ იქნებოდა. ჩემთვის ის კიდევ უფრო ახლობელი კაცია იმ გოლის გამო - შეიძლება ჩემი ისტორიაც არ ყოფილიყო. მოკლედ, ‘პიპიტა’ მიდის, მაგრამ ტურინი ის ერთადერთი ადგილია, სადაც მასზე მხოლოდ კარგს ამბობენ. ის ჩვენი ისტორიის ნაწილია.

კომენტარები

ბოლო ამბები