Thumbnail

'წავა მხოლოდ ევროპის ტოპკლუბში' - ხვიჩა კვარაცხელია რუბინისთვის შეუფასებელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუბინის სპორტულმა დირექტორმა 19 წლის ქართველის მომავალზე ისაუბრა
  • ოლეგ იაროვინსკიმ კვარაცხელია დაახასიათა და ის მარტინ ედეგორსაც შეადარა
  • ყაზანელები ქართველ ფეხბურთელს რუსულ კლუბში არ გაყიდიან

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. 19 წლის ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია და მისი მომავლის შესახებ ბევრს საუბრობენ. ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ ხვიჩას დაბრუნება მოსკოვის ლოკომოტივს სურს, რომელიც მზადაა, ტრანსფერში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს. საუბრობდნენ კრასნოდარზეც, რომელიც თითქოს კვარაცხელიაში 10 მილიონს იმეტებს...

ყაზანის რუბინის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ matchtv.ru-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ფასსა და გაყიდვის შესაძლებობაზე ისაუბრა.

ლოკომოტივს ხვიჩას დარუნება სურს, რომელიც შარშან ზაფხულში გაუშვა

"დღეს ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ძვირი ღირს. ის შეუფასებელია, რადგან ზრდის ეტაპზეა. მისთვის აუცილებელია თამაში გუნდში, სადაც მთავარი მწვრთნელი ენდობა და სადაც მის სუპერშესაძლებლობების განვითარებაში ხელს შეუწყობენ.  უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც გუნდში ისეთი პოტენციალის მქონე მოთამაშე გვყავს, როგორიც ხვიჩაა, ადრე თუ გვიან ის წავა. ეს გარდაუვალია. ეს საჭიროა განვითარებისთვის და ასეთმა ფეხბურთელებმა გარკვეულ ეტაპზე შემდგომი დიდი ნაბიჯი უნდა გადადგან.

მისთვის უაზრობა იქნება რუსულ კლუბში გადასვლა. ის აუცილებლად წავა, ოღონდ დიდ ევროპულ კლუბში

ხვიჩა აუცილებლად გადავა დიდ ევროპულ კლუბში და ძალიან ძვირიც ეღირება, მაგრამ ახლა ყველაზე ცუდი დროა კლუბისთვის, რომ ის გაყიდოს. წასვლა ცუდი იქნება თავად ხვიჩასთვისაც, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, ნდობის ის მაქსიმალური დონე, რომელსაც რუბინში იღებს. 

კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული

დღეს ხვიჩა კვარაცხელია არ იყიდება, 100 პროცენტით! გვაინტერესებს თუ არა 15 მილიონი, რომელსაც ლოკომოტივი გვთავაზობს? შემოთავაზება საერთოდ არავისგან გვაინტერესებს. მისთვის უაზრობა იქნება რუსულ კლუბში გადასვლა. მას მომდევნო ნაბიჯის გადადგმა ევროპაში შეუძლია, მაგრამ ჯერ ცოტა მენტალურად უნდა მოძლიერდეს. არ დაგავიწყდეთ, ხვიჩა გასული სეზონის პირველ ნახევარში არ იყო ძირითადის მოთამაშე. მნიშვნელოვანია, რომ ის პრიმას როლს შეეჩვიოს, აჩვენოს სტაბილურობა. და ამის შემდეგ წავა, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ძვირად. 

ლოკომოტივისგან ოფიციალური შემოთავაზება მე პირადად არ მინახავს. თუკი ვინმეს მისი ყიდვა სურს, მოდის და ამის შესახებ აცხადებს. ტელეფონები სულ ჩართული გვაქვს და მსოფლიოში ნებისმიერ კლუბს შეუძლია მოიძიოს კონტაქტი და მოგვმართოს. თუმცა, დღეს ეს აზრსმოკლებულია", - ამბობს ყაზანური კლუბის სპორტული დირექტორი.

19 წლის ქართველი ფეხბურთელი რუბინის ლიდერად ჩამოყალიბდა

ოლეგ იაროვინსკიმ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი პიროვნულადაც დაახასიათა და აღნიშნა, რომ "ვარსკვლავური სენით" დაავადება ხვიჩას არ ემუქრება. 

"ის გახლავთ ფეხბურთელისა და პიროვნების ბრწყინვალე ტიპი, რომელიც უბრალოდ ტკბება ფეხბურთის თამაშით. ხვიჩას არსად ეჩქარება. ის ბედნიერია, რომ ფეხბურთელი გახდა და ის ეფემერული მომავალი, რომელიც ტოპკლუბებს უკავშირდება, მას ჯერ არ ანაღვლებს. ხვიჩა მომენტით ტკბება".

ის არ არის უბრალოდ ქართველი ვარსკვლავი, რომელიც ყოველი წარმატების შემდეგ ხვანჭკარას სვამს

იარონოვსკიმ, რომელსაც არნემის ვიტესში მარტინ ედეგორთან უმუშავია, ნორვეგიელი ვარსკვლავისა და ქართველი ტალანტის მსგავსებაზეც ისაუბრა. 

"ორივემ ფეხბურთელობა იმის გამო აირჩია, რომ სიამოვნებით თამაშობენ: ძალიან ემოციურები არიან და არ ეზარებათ შრომა. კვარაცხელია დაუჯერებლად შრომისმოყვარეა. ის არ არის უბრალოდ ქართველი ვარსკვლავი, რომელიც ყოველი წარმატებული მოქმედების შემდეგ ხვანჭკარას სვამს.  ის და მარტინ ედეგორი მაგრები იმის გამო არიან, რომ ბევრს შრომობენ და სიამოვნებას იღებენ იმისგან, რაც აქვთ და არ ფიქრობენ იმაზე, სადამდე შეიძლება მივიდნენ".

ხვიჩამ ბოლო ტურის მატჩში ტვინის შერყევა მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 7 მატჩში ითამაშა და 4 საგოლე პასი მიითვალა. ბოლო ტურში რუბინმა მოსკოვის დინამოსთან ხვიჩას მოპოვებული პენალტით მოიგო (1:0), თავად ფეხბურთელმა კი მოედანი ნაადრევად, ტრავმის გამო დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები