Thumbnail
  • ტოსკანის გრანპრი ძალიან ქაოსური გამოვიდა
  • რამდენიმე ავარიამ რბოლა დიდი ხნით შეაჩერა
  • ლუის ჰემილტონისთვის არაფერი შეცვლილა… არც ფერარისთვის

იტალიაში რბოლები თითქმის ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდის, რაც ამ უიქენდზე კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეორედ დამტკიცდა. ერთკვირიან შუალედში ფორმულა 1-ს იტალიამ ორჯერ უმასპინძლა და ორივე რბოლა ძალიან მაგარი გამოვიდა. მუჯელოსთვის ეს პირველი გრანპრი გახლდათ და ვნახეთ რბოლის ორი შეწყვეტა, სამი სტარტი, გიჟური ავარიები და ცხენის ძალების ბევრი ექშენი.

მხოლოდ ერთი რამ იყო ისე, როგორც (თითქმის) ყოველთვის არის ხოლმე: ლუის ჰემილტონი ქაოსს გადაურჩა, გაექცა და უკვე ერთადერთი ტრიუმფიღა სჭირდება იმისათვის, რომ მიხაელ შუმახერს და მის 91 გამარჯვებას გაუთანაბრდეს. ჰემილტონის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასიც, როგორც (თითქმის) ყოველთვის, მეორეზე გავიდა. მესამე კი პოდიუმზე ალექს ალბონი ავიდა!

ლუის ჰემილტონი მიხაელ შუმახერის რეკორდს უახლოვდება

სებასტიან ფეტელმა სტარტი მე-14 პოზიციიდან აიღო და ათეულში შესვლა შეძლო, რამაც ერთი ქულა მოუტანა - სებასთვის ამ სეზონში ესეც საქმეა. თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფინიშის ხაზი მხოლოდ 12-მა ბოლიდმა გადაკვეთა…

რბოლის მთავარი სცენა უდავოდ მასობრივი ავარია გახლდათ, რომელშიც ოთხი ბოლიდი მონაწილეობდა - ლატიფი, მაგნუსენი, ჯოვინაცი და საინსი გავარდნენ. ამის გამო რბოლა 29 წუთით შეწყდა. კიდევ კარგი, რომ არცერთი პილოტი არ დაშავებულა.

ძალიან მაგარი იყო სტარტიც, რომელზეც პირველ მეტრებზე ბოტასმა ჰემილტონს გადაასწრო, ფერსტაპენი კი, რომელიც სტარტზე მესამე იყო, უკან გადავარდა - სიმძლავრის ვარდნის გამო.

ზემოთ ხსენებული პაუზის შემდეგ რესტარტზე ჰემილტონმა ბოტასს ლიდერობა ისევ წაართვა, ლეკლერი კი მესამე დარჩა. ფეტელი ამ დროს ბოლოსწინა იყო. მოგვიანებით რბოლა შედარებით დაწყნარდა - ჰემილტონი და ბოტასი ლეკლერთან უპირატესობას ზრდიდნენ. მონაკოელმა თავისი პოზიცია მე-18 წრეზე სტროლთან დაკარგა, მერე კი რიკარდონ, ალბონმა და პერესმაც უპრობლემოდ გაასწრეს.

ამ სეზონში ფანები რბოლას პირველად ესწრებოდნენ

42-ე წრეზე სტროლი არაბიატას მოსახვევში გაფრინდა ასფალტიდან და რბოლის ხელმძღვანელმა გრანპრი ისევ შეწყვიტა. საბედნიეროდ, კანადელიც უვნებელი გადარჩა. მერე იყო მესამე სტარტი და მანამდე გუნდებმა საბურავების შეცვლა მოახერხეს. ჰემილტონმა ლიდერობა განიმტკიცა, თუმცა დანიელ რიკარდომ ბოტასს გადაასწრო და მეორეზე გადავიდა. თუმცა ერთი წრის შემდეგ ფინელმა პოზიცია დაიბრუნა. 51-ე წრეზე ალბონმა ძლიერი მანევრით გადაასწრო რიკარდოს და მესამე პოზიციაზე გადავიდა. მერე აღარაფერი შეცვლილა.

რბოლის მიმოხილვა

საერთო ჩათვლა - TOP 10

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 190 ქულა

2. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 135

3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 110

4. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 65

5. ალექს ალბონი (რედ ბული) - 63

6. ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი) - 57

7. დანიელ რიკარდო (რენო) - 53 

8. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 49

9. სერხიო პერესი (რეისინგ პოინტი) - 44

10. პიერ გასლი (ალფა ტაური) - 43

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედეს-ბენცი - 325 ქულა

2. რედ ბულ რეისინგი - 173

3. მაკლარენი - 106

4. რეისინგ პოინტი - 92

5. რენო - 83

6. ფერარი - 66

7. ალფა ტაური - 53

8. ალფა რომეო - 4

9. ჰაასი - 1

10. უილიამსი - 0

კომენტარები

ბოლო ამბები