Thumbnail
  • ბაიერნის ფეხბურთელებმა ჩემპიონობა მოკრძალებულად აღნიშნეს.
  • მატს ჰუმელსი მინი-წვეულებაზე პიჯაკით, ჰალსტუხით და ველოსიპედით მივიდა.
  • “ბილდმა” არაოფიციალური შეკრების პაპარაცული ფოტოები გამოაქვეყნა.

“ზეიმისთვის ჯერ ადრეა. ვიზეიმებთ მაშინ, როცა რეალურად გვექნება ამის დრო და უფლება. მაშინ მართლა მაგრად ვიზეიმებთ,” - ეს სიტყვები ბაიერნის მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ეკუთვნის. რეკორდმაისტერის თავკაცმა ეს აუგსბურგთან მატჩის წინ (4:1) თქვა.

თომას მიულერი

აუგსბურგთან გამარჯვებით ბაიერნმა გერმანიის 28-ე ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა და მატჩის შემდეგ, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებმაც თქვეს, რომ არანაირი ზეიმი და წვეულება არ იქნებოდა, რადგან ბაიერნს ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი ელის (სევილიასთან). თუმცა იმ დღეს მთლად ზეიმის გარეშე არ ჩაუვლია…

ეს გასაიდუმლოებული საჩემპიონო ვახშამი უნდა ყოფილიყო, მაგრამ “ბილდის” ჟურნალისტებმა მას მაინც მიაგნეს!

საღამოს ათის ნახევარზე ბაიერნის ფეხბურთელები (მწვრთნელისა და შეფების გარეშე) რესტორან Burger & Lobster Bank-თან შეიკრიბენ. ეს რესტორანი მიუნხენის ცენტრში მდებარეობს და XL-ბურგერებითაა ცნობილი (ერთი მენიუ 39,90 ევრო ღირს).

► მატს ჰუმელსი საჩემპიონო მინი-წვეულებაზე პიჯაკით და ჰალსტუხით მივიდა - ოღონდ, არა ავტომობილით, არამედ ველოსიპედით!

ჯოშუა კიმიხი და მატს ჰუმელსი

► აი, რობერტ ლევანდოვსკი შესანიშნავი, წითელი “ფერარით” გამოცხადდა, მაისურზე დრაკულას სისხლიანი კბილებით...

რობერტ ლევანდოვსკი ფერარით მივიდა

მინი-ზეიმზე ასევე იყვნენ კინგსლი კომანი, არიენ რობენი, დავიდ ალაბა, ჯოშუა კიმიხი, სანდრო ვაგნერი, თომას მიულერი, ხამეს როდრიგესი და კორენტენ ტოლისო. თუმცა ბაიერნელებს გვიანობამდე არ უზეიმიათ - წინ ხომ სევილიასთან უმნიშვნელოვანესი საპასუხო მატჩია.

რესტორანში არ იყვნენ მანუელ ნოიერი, ფრანკ რიბერი, რომელიც 35 წლის გახდა და ჟერომ ბოატენგი. ეს უკანასკნელი საზეიმო განწყობაზე არ იყო, რადგან აუგსბურგთან შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო და, შესაძლოა, სევილიასთან ვერ ითამაშოს...

კომენტარები

ბოლო ამბები