Thumbnail
  • ნიკა კაჭარავა ლეხში იჯარის წესით ითამაშებს
  • ქართველმა ფორვარდმა 14-ნომრიანი მაისური მოირგო

პოლონეთის ვიცე-ჩემპიონმა ლეხმა ნიკა კაჭარავას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც პოზნანელთა გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 26 წლის თავდამსხმელი კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება და შემდეგ გამოსყიდვის უფლება ექნებათ (არაოფიციალური ინფორმაციით 250 000 ევროდ).

კაჭარავამ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და პოლონეთის ეკსტრაკლასაში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ცნობილია ისიც, რომ ის ახალ კლუბში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის შესახებ ლეხის სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რზასამ ისაუბრა:

ნიკა კაჭარავა ლეხში მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე ითამაშებს

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს მიქაელ იშაკი, რომელიც გუნდს ძალიან კარგად მოერგო და აკადემიიდან დავაწინაურეთ ფილიპ შიმჩაკი. მან უკვე გოლიც გაიტანა, მაგრამ მცირე ტრავმა აქვს და მის გამოჯანმრთელებას ველით. გუნდშია მოჰამად ავადიც, რომელსაც არა მხოლოდ ცხრიანის პოზიციაზე, არამედ ათიანზე და ფლანგებზეც შეუძლია თამაში. ნიკა ცოტა განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ვფიქრობ, შეტევაში ძალიან დაბალანსებულად დავკომპლექტდით".

კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ პირველი კომენტარი ნიკა კაჭარავამაც გააკეთა: "მოხარული ვარ, რომ ახალი შესაძლებლობა მომეცა. როდესაც კორონაში ვირიცხებოდი, პოზნანში თამაშის საშუალება არ მქონდა, ამიტომაც, მოუთმენლად ველი ამ ულამაზეს სტადიონზე ფანტასტიკური მაყურებლის წინაშე გასვლას. ლეხი ავირჩიე, რადგან ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და მჯერა, გუნდის დახმარება შემიძლია".

26 წლის კაჭარავა ბოლო ორი სეზონი ფამაგუსტას ანორთოსისში თამაშობდა (50 მატჩი, 12 გოლი, 12 საგოლე პასი) და კვიპროსელებს მისი სატრანსფერო უფლებები 2022 წლამდე ეკუთვნით.

ქართველი ფეხბურთელისთვის პოლონეთი კარგად ნაცნობი ადგილია - 2017/18 წლების სეზონი კორონას რიგებში გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 თამაშში თავი 9-ჯერ გამოიჩინა. პოზნანის ლეხს რაც შეეხება, დიდი ტრადიციების გუნდია, ქვეყნის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, 5-ჯერ პოლონეთის თასი და 3-ჯერ სუპერთასი მოიგო, გასულ სეზონში კი მე-2 ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 სექტემბერს, შვედურ ჰამარბის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები