Thumbnail

ბორჯღალოსნების ცენტურიონი პირველ ლიგაში - კვირიკაშვილი ყაზბეგში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მერაბ კვირიკაშვილს ნაკრებში 115 მატჩი აქვს ჩატარებული და აქტივში 840 ქულა გააჩნია
  • მეკოს გარდა, სტეფანწმინდელთა ღირსებას კიდევ ერთი ვეტერანი ბორჯღალოსანი დაიცავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პირველი ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი 2020-21 წლების სეზონს პირველი ლიგის ბინადარ ყაზბეგში გაატარებს და იქვე ითამაშებს კიდევ ერთი ვეტერანი ბორჯღალოსანი ირაკლი ყიასაშვილი. ამ ინფორმაციას სარაგბო კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

36 წლის კვირიკაშვილი და 35 წლის ყიასაშვილი პირველი ლიგის კლუბს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეუერთდნენ და სტეფანწმინდელებს უმთავრესი მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან, ეს კი, იოლი მისახვედრია, უმაღლესი ლიგის იგივე დიდი 10-ის საგზურის მოპოვებაა.

შეგახსენებთ, რომ ორივე აღნიშნული მორაგბე გასულ სეზონში თბილისის ლელო-სარასენში თამაშობდა და განსაკუთრებით კვირიკაშვილს ქომაგებისთვის წარდგენა ნაკლებად სჭირდება. მეკოს ეროვნულ ნაკრებში 115 კეპი აქვს მოხვეჭილი და როგორც აღვნიშნეთ, ბორჯღალოსანთა პირველი ცენტურიონი გახლავთ. კვირიკაშვილს აქტივში 840 სანაკრებო ქულა აქვს, რაც ჩვენი გუნდისთვის სარეკორდო მაჩვენებელია, ყიასაშვილს კი ბორჯღალოსანთა მაისურით 15 თამაში აქვს ჩატარებული.

პირველი ლიგის 2020/2021 წლების სეზონი სტარტს 2 ოქტომბერს აიღებს. 12-გუნდიან პირველობაში ყაზბეგი B ჯგუფში ტაოსთან (სამცხე-ჯავახეთი), არწივებთან (ოზურგეთი), დევებთან (თბილისი), დინოზავრებთან (წყალტუბო) და იმერეთთან (ჭიათურა) ერთად ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები