Thumbnail
  • ლეიკერსი 119:96 ჰიუსტონი
  • ლებრონ ჯეიმსი ისევ გამორჩეული იყო, რასელ ვესტბრუკმა კი საქმის გარჩევა დაიწყო

NBA-ს მიმდინარე სეზონის კიდევ ერთი ნახევარფინალისტი ლოს ანჯელეს ლეიკერსი გახდა, რომელმაც დღეს დილით ჰიუსტონ როკეტსი 119:96 გაანადგურა და სერია 4:1 მოიგო. საინტერესოა, ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციის ფინალში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ითამაშებს. უკანასკნელად ამგვარი რამ 2010 წელს მოხდა, როდესაც ლოს ანჯელესელებმა ფენიქს სანზს აჯობეს.

გასულ შეხვედრაში ბრძოლად ნაკლებად იყო, რადგანაც ლეიკერსის უპირატესობა თავიდანვე იგრძნობოდა. ლებრონ ჯეიმსმა და მისთა თანაგუნდელებმა პირველი და მესამე მეოთხედები, შესაბამისად, 35:20 და 33:18 მოიგეს და თამაშს ინტერესი ადრეულადვე დაუკარგეს.

ლებრონის აქტივში 29 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი იყო და ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის შემდეგ, NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ერთი პლეი ოფის საწყის 10 შეხვედრაში 250+ ქულა, 100+ მოხსნა და 80+ პასი მოაგროვა. 

ამას გარდა, ჯეიმსი კიდევ ერთი მიღწევის თანაავტორი შეიქმნა. ის NBA-ს პლეი ოფებში მოგებათა რაოდენობით (37) კიდევ ერთ ლეგენდას კარიმ აბდულ-ჯაბარს გაუტოლდა და ლიგის ისტორიაში მე-3 ადგილს ინაწილებს. ამ მხრივ რეკორდსმენები დერეკ ფიშერი (40) და რობერტ ორი (39) არიან.

დღევანდელ მატჩში როკეტსს 30 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, ყველაზე მძიმედ კი წარუმატებლობას რასელ ვესტბრუკი (მან მხოლოდ 10 ქულა ჩააგდო) შეხვდა, რომელმაც ბრაზი ერთ-ერთი მაყურებელზე, კერძოდ კი, ლეიკერსის ვეტერან რაჟონ რონდოს ძმაზე – უილიამზე გადაიტანა.

რასელს ამ უკანასკნელის კომენტარები არ მოეწონა და საქმის გარჩევა მოედნიდანვე დაუწყო, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ დაცვის წევრებმა უილიამ რონდო დარბაზიდან გაიყვანეს. თამაშის შემდეგ, ვესტბრუკი აღნიშნულ ეპიზოდს ასე გამოეხმაურა:

“მაყურებელბმა ხმა უნდა ჩაიწყვიტონ და უბრალოდ, თამაშს უყურონ. ასეთია წესი, მითუმეტეს, როდესაც აქ ოჯახის წევრები იმყოფებიან. როგორც სჩანს, რაჯონ რონდო რაღაც სისაძაგლეებს ამბობდა და საქმეში მისი ძმაც ჩაერთო. ახლა, ყველაფერი წესრიგშია. მესმის, რომ მას ძმის მხარდაჭერა სურდა, თუმცა, წესი ყველასთვის წესია, მიუხედავად იმისა, უბრალო მაყურებელი ხარ, თუ რომელიმე კალათბურთელის ოჯახის წევრი”.

ამგვარად, NBA-ს მიმდინარე სეზონში ცნობილი ნახევარფინალის უკვე 3 წევრია. ფინალის ერთი საგზურისთვის მაიამი ჰითი და ბოსტონ სელტიკსი იბრძოლებენ, ლეიკერსის მეტოქე კი დენვერ ნაგეთსისა და ლოს ანჯელეს კლიპერსის სერიაში ირკვევა. აქ კლიპერსი 3:2-ს იგებს და თუკი დენვერელებს დღევანდელ შეხვედრაშიც (თბილისის დროით 21:00 საათიდან) აჯობა, ნახევარფინალში კალიფორნიულ დერბის ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები