Thumbnail
  • ანორთოსისი 1:1 ომონია
  • თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

ანორთოსისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ომონიასთან (1:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. ქართველი სპეციალისტი, როგორც წესი, პრესკონფერენციაზე პირდაპირობით გამოირჩევა და ახლაც არ ყოფილა გამონაკლისი.

თემურმა ბოლო სეზონი გაიხსენა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა და კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონად ომონია გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ანორთოსისსაც იმდენივე ქულა ჰქონდა. ქეცბაიამაც რამდენჯერმე მინიშნება გააკეთა მომხდარის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ წელს მსგავსი რამ აღარ მოხდება:

ოქრიაშვილმა ბოლო ოთხ მატჩში 3 პენალტი გაიტანა

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "დერბი იყო და როდესაც ეს გუნდები თამაშობენ, ყოველთვის არის დაძაბულობა და დიდი ინტერესი. თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, კონტრშეტევაზე გოლი გავუშვით, მაგრამ საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ქულაზე გაცილებით მეტი დავიმსახურეთ.

არ ვიცი, ჩემი გუნდის გასაღიზიანებლად ისინი რას ამბობდნენ, მაგრამ ამ გუნდს მოედანს მიღმა არაფერი მოუგია. რაც მან მოიგო, მოედანზე მოიგო! რამდენიმე თამაში წავაგეთ, მაგრამ მინდა ისიც შეგახსენოთ, რომ მათ გასულ სეზონში არაფერი მოუგიათ, უბრალოდ იმ ადამიანებმა გადასცეს ტიტული, რომელთაც ფეხბურთზე წარმოდგენა არ აქვთ. ომონია დიდი გუნდია, კვიპროსში სამი დიდი გუნდია - აპოელ-ი, ომონია და ანორთოსისი და ისინი ისტორიის შესაბამისად უნდა მოიქცნენ. ფაქტია, მათ ბურთით თამაში არ სურდათ, მაგრამ ჩვენ არავისი გვშურს.

დღევანდელი თამაში კი უნდა მოგვეგო, რადგან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. დერბი ინტენსიური და დაძაბულია, მაგრამ არ გვინდა მივიღოთ ის, რასაც არ ვიმსახურებთ ან ვინმემ რამე მოგვცეს. ამ გუნდმა ბევრი რამ გაიარა და დღეს აქ ვართ. ვიმედოვნებ, რომ წელს აღარ მოხდება ის, რაც შარშან მოხდა და ქაღალდზე არავინ არაფერს მიიღებს. ისინი გადაწყვეტილებებს ინტერესიდან გამომდინარე იღებენ, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველას ინტერესში და არა ზოგიერთი ჯგუფის. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, ომონია უკეთ იყო მომზადებული, რადგან ორი ოფიციალური მატჩით მეტი ჩაატარა. იმედი მაქვს, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე მოიგებს და პლეი ოფში გავა, რადგან ეს კვიპროსული ფეხბურთისთვის კარგი იქნება“.

📺 ვიდეო: თორნიკე ოქრიაშვილის გოლი ომონიასთან

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისი ომონიას მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა 90-90, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა 83 წუთი ითამაშა. სწორედ ოქრიაშვილმა გაიტანა ფამაგუსტელთა ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ანორთოსისი 3 ტურის შემდეგ 7 ქულით ლიდერობას აპოლონთან ერთად იყოფს და 20 სექტემბერს სწორედ ლიმასოლელებს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები