Thumbnail
  • 13 სექტემბერს სტარტს აკი ბაშო აიღებს
  • ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირაა, გაგამარუ ტურნირს ისევ გამოტოვებს

13 სექტემბერს ტოკიოს "კოკუგიკანში" აკი (შემოდგომის) ბაშო იწყება, რომელიც რიგით 87-ე იქნება ყოფილი ოძეკის, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) კარიერაში...

ზედიზედ ხუთი უარყოფითი ტურნირის შემდეგ, რის გამოც 32 წლის ქართველმა სუმოისტმა ჩემპიონის (ოძეკი) ტიტული მეორედ დაკარგა და ელიტის დივიზიონის არიერგარდში გადაინაცვლა, ივლისში მას შესანიშნავი ბაშო ჰქონდა - სუპერტურნირი 10-5 ბალანსით დაასრულა და დღეს დასავლეთის მე-4 მაეგაშირაა.

უმაღლეს დივიზიონში გაირკვა პირველი ორი დღის შეხვედრების განრიგი. კლუბ "კასუგანოს" ქართველი რიკიში პირველ დღეს მე-5 მაეგაშირა კირიბაიამას ხვდება. მონღოლ მოწინააღმდეგეს ტოჩინოშინი ერთხელ შეხვდა და მოუგო. აკი ბაშოს მე-2 დღეს ლევანის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოშია (0:1 ურთიერთშეხვედრებში).

აღსანიშნავია, რომ აკი ბაშოზე არც ერთი დიდი ჩემპიონი არ იქნება, ჰაკუჰოსა და კაკურიუს ტრავმები აქვთ. ბაშოს ფავორიტებად ოძეკები ასანოიამა და ტაკაკეიშო, სეკივაკე მიტაკეუმი და აგრეთვე პირველი მაეგაშირა ტერუნოფუჯი მოიაზრებიან. ივლისის ბაშო სწორედ ტერუნოფუჯიმ მოიგო. 

სამწუხაროდ, 33 წლის გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) არც აკი ბაშოზე იასპარეზებს, ის ავტომატურად ჩაინაცვლებს მე-5 დივიზიონ ჯონიდანში. გაგამარუმ იანვრის ბაშოზე ორი ორთაბრძოლის შემდეგ ჭიდაობა შეწყვიტა, მან მარტისა და ივლისის ბაშოები გამოტოვა (მაისის ბაშო კორონავირუსის პანდემიის გამო, არ ჩატარებულა). 

კომენტარები

ბოლო ამბები