Thumbnail
  • ტორონტო რეპტორსი 87:92 (3-4) ბოსტონ სელტიკსი 
  • 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონმა პლეი ოფში გამოსვლა დაასრულა
  • ჯეისონ ტეიტუმმა ლებრონ ჯეიმსისა და ლარი ბერდის მიღწევა გაიმეორა 
  • 1/2-ფინალში წაგების გამო, კაილ ლოური 500 000 დოლარს ვეღარ მიიღებს

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში ფინალისტთა ვინაობა გაირკვა. კონფერენციის ½-ფინალური სერიის მეშვიდე მატჩში ბოსტონ სელტიკსმა ტორონტო რეპტორსი დაამარცხდა და ფინალში ითამაშებს, სადაც მეტოქედ მაიამი ჰიტი ეყოლება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ლიგას ახალი ჩემპიონი ეყოლება - შარშანდელმა ტრიუმფატორმა ტორონტომ პლეი ოფში გამოსვლა აქ დაასრულა.

ამასთან, NBA-ს ისტორიაში პირველად მოხდება, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, რეგულარული ჩემპიონატის პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები არ ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ მაიამიმ, რომელმაც რეგულარული მეხუთე ადგილზე დაასრულა, პლეი ოფის მეორე რაუნდში მილუიკის (I ადგილი) აჯობა. ბოსტონმა რეგულარულში მე-3 ადგილი დაიკავა, ტორონტომ კი - მეორე.

რაც შეეეხება ბოსტონისა და ტორონტოს სერიის მეშვიდე მატჩს, მოედანზე ყველაზე შედეგიანი სელტიკსის მსუბუქი ფორვარდი ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა (29 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი). გუნდს 21 ქულითა და 8 მოხსნით კი ჯეილეინ ბრაუნი დაეხმარა.

ტეიტუმი NBA-ს ისტორიაში მესამე კალათბურთელი გახდა, რომელიც პლეი ოფის სერიის მეშვიდე მატჩში, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახდა ქულებით, მოხსნებითა და პასებით. სელტიკსის ფორვარდი ამ მაჩვენებლით ლებრონ ჯეიმსსა და ლარი ბერდს გაუტოლდა, რომლებიც მანამდე რეკორდსმენის წოდებას იყოფდნენ.

ტეიტუმის გაჩერება ვანვლიტმაც ვერ მოახერხა

რეპტორსში 20 ქულით ფრედ ვანვლიტი გამოირჩა, ორმაგი დუბლი კი გუნდის კამერუნელ ფორვარდს პასკალ სიაკამს ჰქონდა - 13 ქულა, 11 მოხსსნა. 16 ქულა მიითვალა კაილ ლოურიმ, რომელმაც, სხვათა შორის, სერიის წაგების გამო ნახევარი მილიონი აშშ დოლარი იზარალა. ბონუსის სახით, სწორედ ეს თანხა უნდა მიეღო 34 წლის გამთამაშებელს კონფერენციის ფინალში ტორონტოს გასვლის შემთხვევაში. 

📺 ტორონტო V ბოსტონი (მიმოხილვა) 

კომენტარები

ბოლო ამბები