Thumbnail

'რაღაც უბედურება სჭირთ' - ლუკაკუმ ხოჭოლავასთან დაკავშირებული ეპიზოდი გაიხსენა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'FIFA-მ რეიტინგები სპეციალურად გააფუჭა, ამ მძ**ერს არ შევეგუები'
  • ინტერის ბელგიელი ფორვარდი ვიდეო-თამაშში დაბალმა რეიტინგმა აღაშფოთა

ბელგიის ნაკრებისა და მილანის ინტერის ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ძალიან უკმაყოფილო დარჩა FIFA 21-ში მისთვის მიჩენილი ადგილით და თამაშის შემქმელი კომპანია EA Sports მკაცრად გააკრიტიკა, ამასთან, საკუთარი უპირატესობების გასამყარებლად ის გოლი მოიყვანა, რომლის ფიგურანტიც ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ FIFA 21-ის პირველი ასეული გუშინ გამოქვეყნდა, სადაც პირველ ადგილზე ლიონელ მესია (93), შემდეგ კი, კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), რობერტ ლევანდოვსკი (91), კევინ დე ბრუინი (91), ნეიმარი (91) და იან ობლაკი (91) მოდიან, ლუკაკუ კი 85 ქულით (FIFA 20-შიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა) მხოლოდ 65-ე ადგილზეა.

რომელუ სწორედ ამ ფაქტმა აღაშფოთა და ეს, სრულიად გასაგებია იმის გათვალისწინებით, რომ ბელგიელმა თავდამსხმელმა მისთვის სადებიუტო სეზონში ინტერის მაისურით 34 გოლი გაიტანა. ლუკაკუმ თამაშის შემქმნელების ქმედებას თავისებური ახსნა მოუძებნა:

“მოდით, სამართლიანები ვიყოთ. FIFA-მ რეიტინგები სპეციალურად გააფუჭა, რათა ჩვენ, ფეხბურთელებს ჩივილი დაგვეწყო და თამაშის მიმართ ინტერესი გაგვეზარდა. ამ მძ**ერს არ შევეგუები. კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ”.

მოგვიანებით, რომელუმ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი დადო და FIFA 21-ს ისიც დაუწუნა, რომ მისი სისწრაფე სათანადოდ არ დააფასეს:

“81 სისწრაფეში. მათ დონეცკის შახტართან ჩემი მე-2 გოლი მაინც თუ ნახეს... რაღაც უბედურება სჭირთ...”.

შეგახსენებთ, რომ იტალიურმა და უკრაინულმა კლუბებმა 17 აგვისტოს უეფას ევროპალიგის ნახევარფინალის ეგიდით ითამაშეს და მილანელებმა 5:0 მოიგეს. ლუკაკუმ დუბლი შეასრულა, მე-2 გოლისას კი აშკარად დაჩაგრა შახტარის ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა. ბელგიელმა ჩვენებურს არცთუ მოკლე მანძილზე გარბენი მოუგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კომენტარები

ბოლო ამბები