- სეოკ-ის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩიეს
- მანამდე გიორგი ასანიძემ ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის კომენტარი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩიეს, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. სასტუმრო "სტამბაში" გამართული სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ყრილობაზე დღის წესრიგის ბოლო საკითხის, საპრეზიდენტო არჩევნების, რამდენიმე თვით გადადება მოითხოვა, მაგრამ დელეგატთა უმრავლესობამ მის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.
POPSPORT-ი გიორგი ასანიძეს დაუკავშირდა.
გიორგი ასანიძე: "ამ არჩევნებისთვის შეიცვალა წესდება. სამართლებრივი კუთხით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც ახალი წესდება ყველა კანონის მიხედვით იყო მიღებული, მაგრამ არსებობს მორალური ასპექტებიც.
ლერი ხაბელოვი ჩემი კუმირი იყო, მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მის ქმედებებში უზურპაციის ნიშნები დავინახე. დამოუკიდებელ კანდიდატებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მოესპოთ. გარდა ამისა, სამინისტროს რეკომენდაცია იყო, რომ არჩევნები გადადებულიყო. ეს რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული.
წამოვჭერი საკითხი, შეგვექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩვენი სასახელო სპორტსმენები შევიდოდნენ და არჩევნები სამი თვის შემდეგ ჩაგვეტარებინა, მაგრამ მხარი არ დამიჭირეს.
ორმაგი სტანდარტით მუშაობა არ შეიძლება, არც ადრე შეიძლებოდა. მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ ეს ორმაგი სტანდარტი სპორტულ ოჯახში დამკვიდრდა. ლერი ხაბელოვის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ არჩევნების ჩატარების ფორმა მიუღებელია. პანდემიის გამო არ ყოფილა შეხვედრები ფედერაციებთან, წინა საარჩევნო პროცესი ნორმალურ ვითარებაში არ წარმართულა".
დღეს ჩატარებულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას 121 დელეგატი დაესწრო. ღია კენჭისყრის შედეგად ყველა მათგანმა მხარი ლერი ხაბელობვის კანდიდატურას დაუჭირა. ხაბელოვი სეოკ-ის პრეზიდენტის მოვალეობებს მესამე ვადით შეასრულებს.
ვიცე-პრეზიდენტის პოსტს კვლავ ელგუჯა ბერიშვილი, მამუკა ხაბარელი და ნინო სალუქვაძე იკავებენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი იქნება.
კომენტარები