Thumbnail

2023 წლის მსოფლიო თასის წილისყრა, რომელიც 30 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, 2 კვირით გადაიდო და 14 დეკემბერს შედგება. იოლია გამოსაცნობია, რომ აღნიშნულის მიზეზი კვლავაც კორონავირუსია. მსოფლიო რაგბის სურს წილისყრა იმ რეიტინგის გათვალისწინებით ჩაატაროს, რომელიც საშემოდგომო ტესტებისა და რაგბი ჩემპიონშიპის მატჩების დასრულების შემდეგ გვექნება, ეს კი, სწორედ აღნიშნული პერიოდისთვის იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურნირზე ავტომატურადაა გასული 2019 წლის მსოფლიო თასის 12 საუკეთესო ნაკრები, რომელთა შორის, სამწუხაროდ, არ გახლავთ საქართველოს ეროვნული გუნდი. წილისყრა რომ დღეს ტარდებოდეს, გუნდები ასე იქნებოდნენ გადანაწილებულნი.

კალათა 1: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, ირლანდია.
კალათა 2: საფრანგეთი, უელსი, ავსტრალია, შოტლანდია.
კალათა 3: იაპონია, არგენტინა, ფიჯი, იტალია.
კალათა 4: ოკეანეთი 1, ამერიკა 1, ევროპა 1, აფრიკა 1.
კალათა 5: ოკეანეთი 2, ამერიკა 2, ევროპა 2, რეპეშაჟი 1.

ნათელია, რომ საშემოდგომო ტესტები გუნდების განლაგებაზე დიდ ზეგავლენას იქონიებს. მათ შორის, პირველ რიგში, ახლადდაარსებული "შემოდგომის ერთა თასი 2020" უნდა ვიგულისხმოთ, რომელშიც მონაწილეობას ბორჯღალოსნებიც მიიღებენ, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ამ თამაშებს წილისყრის რეიტინგისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც საქართველომ ყველა მატჩიც რომ მოიგოს, მე-4 კალათის ზემოთ ვერ ავა.

სამაგიეროდ, უდიდესი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბორჯღალოსნებს” არც მომდევნო რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება გაუჭირდებათ და წილისყრის დროს სწორედ კალათა 4-ში იქნებიან, სადაც მათ გარდა, ოკეანეთი 1, ამერიკა 1 და აფრიკა 1 მოხვდებიან. ცნობისთვის, 2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში საფრანგეთის 9 ქალაქში (პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი, ბორდო, სენტ ეტიენი, ნიცა, ნანტი, ტულუზი) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები