Thumbnail

'კარიერის დასრულება გადავაფიქრებინეთ' - რა გამოიარა საბა კვერკველიამ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოსკოვის ლოკომოტივის სამწვრთნელო შტაბის ყოფილი წევრი საბა კვერკველიაზე
  • იური ბატურენკომ 28 წლის ქართველი ფეხბურთელს საინტერესოდ დაახასიათა

საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალური მცველი საბა კვერკველია კარიერის ნაადრევად დასრულებას აპირებდა. ამის შესახებ რუსულ მედიას მოსკოვის ლოკომოტივის სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა იური ბატურენკომ უამბო, რომელიც იური სიომინის თანაშემწედ მაშინ მუშაობდა, როდესაც გუნდში ქართველი ფეხბურთელი გამოდიოდა. 

საბა კვერკველიამ, რომელზეც ლოკომოტივის დაცვის ბურჯად დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა და მისი ტრანსფერით პრემიერლიგის ლესტერიც კი ინტერესდებოდა, 2019 წლის გაზაფხულზე კუნთის ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი პერიოდი ვარჯიშშაც ვერ ახერხებდა. საბამ 2019/20 წლების სეზონში საკმაოდ ბევრი გამოტოვა, გუნდის ძირითადში ადგილი დაკარგა, ამ სეზონის წინ კი "რკინიგზელები" სულაც დატოვა და იჯარით როტორში გადავიდა.

საბა კვერკველია რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო მცველად მიიჩნეოდა

"მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა. უფასთან ბოლო მატჩში დაშავდა. შემდეგ ტრავმა გაურთულდა და დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ვერ დარბოდა. რას აღარ აკეთებდნენ ექიმები... მსგავს ტრავმაზე არასდროს გამიგია. საბა რეალურად ფიქრობდა ფეხბურთის თამაშის დასრულებაზე. მე და პალიჩმა (იური სიომინი) გადავაფიქრებინეთ.

რომ ამბობენ, თითქოს კვერკველია ზარმაცია, დიდი სისულელეა. ის არასდროსაა ზარმაცი. მას აქვს ერთი ღირსება - ყოველთვის 100 პროცენტით თამაშობს. ეს ფეხბურთელებისთვის იშვიათობაა. დიახ, მას ბევრი რამ არ შეუძლია, მაგრამ ბოლომდე იხარჯება და თავის ძლიერ მხარეებს მაქსიმალურად იყენებს.

საბას ლესტერში ტრანსფერს ხელი იური სიომინმა შეუშალა

გოლები საკუთარ კარში? დიახ, ეს ცუდია, მაგრამ რამდენჯერ გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს? არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ცხოვრებაში არასდროს გაუტანიათ ავტოგოლი, მაგრამ სამაგიეროდ - არც არასდროს გადაურჩენიათ საკუთარი კარი. 

საბა ლესტერში ითამაშებდა, პრემიერლიგაში სწორედ მისნაირები თამაშობენ, მაგრამ პალიჩს პირადად სურდა მისი დატოვება", - ამბობს იური ბატურენკო, რომელიც ლოკომოტივის სამ საუკეთესოს ფეხბურთელს შორის, რომლებთანაც უმუშავია, საბა კვერკველიასაც ასახელებს. 

საბამ ვოლგოგრადის როტორის მაისურით ორ მატჩში უკვე ითამაშა

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივში 2017 წლის დასაწყისში გადავიდა და მასთან ერთად რუსეთის ჩემპიონი (2017/18 წლებში), ორჯერ რუსეთის თასის (2016/17 და 2018/19) და რუსეთის სუპერთასის (2019) მფლობელი გახდა. ცოტა ხნის წინ ქართველი ფეხბურთელი როტორში ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები