Thumbnail

ყაზანის რუბინის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია და მის მიმართ ლოგიკურია, რომ ინტერესი გაიზარდა. Busines Online-ის ინფორმაცით, რუბინმა მინიმუმ ორი შეთავაზება მიიღო - მოსკოვის ლოკომოტივიდან და კრასნოდარიდან. ზემოხსნებული გამოცემა 19 წლის ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ დღეს უფრო დეტალურად წერს.

"გავრცელებული ცნობით, ლოკომოტივი ხვიჩას სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა და თუ ეს გარიგება შედგება, რუბინის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება (კურსის გათვალისწინებით).

ლოკომოტივი კვარაცხელიას ალექსეი მირანჩუკის შემცვლელად განიხილავს, რომელიც ბერგამოს ატალანტაში გაასხვისეს. მოსკოველებს ახლა არ ჰყავთ შეტევაში მირანჩუკის დონის კრეატიული მოთამაშე და კვარაცხელია სწორედ ასეთად მიაჩნიათ, თანაც მომდევნო წლების განმავლობაში ლიდერად ესახებათ. და ეს, იმის მიუხედავად, რომ 2019 წლის ზაფხულში ლოკომოტივმა ხვიჩაზე უარი თავად თქვა და 15 მილიონ ევროზე ბევრად ნაკლები თანხის გადახდა არ მოინდომა. როგორც ჩანს, იქ შეცდომას მიხვდნენ.

ხვიჩამ ლოკომოტივის მაისურით ერთადერთი გოლი რუბინს გაუტანა

რუბინმა ქართველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მაგრამ საკომისიოებსა და პრემიებზე დაახლოებით 2-3 მილიონი ევრო მაინც დახარჯა. 1 წლის შემდეგ კი შეუძლია მისი გაყიდვით 5-ჯერ მეტი თანხა იშოვოს. ამავე დროს, ხვიჩას შეუძლია რუბინის ისტორიაში ყველაზე ძვირად გასხვისებული ფეხბურთელი გახდეს. 2014 წელს ყაზანელებმა ზენიტში სალომონ რონდონი 18 მილიონ ევროდ გაყიდეს, მაგრამ სულ სხვა კურსით.

თავდაპირველად რუბინის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მომავალში ხვიჩას მხოლოდ ევროპაში გაასხვისებდნენ. ამავდროულად, ყველამ იცის, რომ მისი ღირებულების გაზრდა კიდევ შესაძლებელია. ამიტომ, რუბინს ჯერჯერობით ქართველის გაშვება არ სურს.

არსებობს მეორე ვარიანტი - კრასნოდარი, რომელიც 10 მილიონ ევროს იხდის, ისინი კვარაცხელიას 2019 წლიდან აკვირდებიან და კლუბებს შორისაც კარგი ურთიერთობაა.

ხვიჩას რუბინთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მას ლეონიდ სლუცკისთან მუშაობა მოსწონს, რომლის ხელმძღვანელობით ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. მწვრთნელიც დაინტერესებულია, რომ ფეხბურთელი გუნდში დარჩეს და სურს მის განვითარებაში წვლილი შეიტანოს, როგორც ეს ალექსანდრ გოლოვინისა (ცსკა-ში) და მარტინ ედეგორის (ვიტესში) შემთხვევაში გააკეთა, რომლებიც ახლა ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ.

ზაფხულის შემდეგ კვარაცხელიას პროგრესი თვალშისაცემია

მიმდინარე სეზონში, 6 ტურის შემდეგ, კვარაცხელიას დრიბლინგის ყველაზე მეტი მცდელობა აქვს რუსეთის პრემიერლიგაში -107 (55 წარმატებული) და მეორე შედეგს საგრძნობლად უსწრებს (დანიელ ლესოვოი 43/24). ხვიჩას უფრო მეტი დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა, ვიდრე მთლიანად საფეხბურთო კლუბ უფას (90) და თითქმის იგივე შედეგი აქვს, ვიდრე როსტოვს (108). ზაფხულიდან მოყოლებული, მან 5 პენალტი მოიპოვა საკლუბო და სანაკრებო დონეზე და პრაქტიკულად, დიდ ფეხბურთში ეს მისი პირველი წელია. აქედან გამომდინარე, რუბინში კარგად ესმით, რომ მოთამაშის პოტენციალი ჯერ ბოლომდე გამოვლენილი არ არის.

ჯერჯერობით, ყაზანურ კლუბში კვარაცხელიას ტრანსფერზე უარზე არიან, მაგრამ 17 ოქტომბრამდე, სანამ რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, დაფიქრება შეუძლიათ. ეს რუბინისთვის ნამდვილი თავის ტკივილიცაა, რადგან რუსეთის პრემიერლიგას ჯერ არ ჰყოლია ფეხბურთელი, რომელშიც 19 წლის ასაკში 10-15 მილიონ ევროზე გადაიხდიდნენ", - წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში 2019 წელს მოსკოვის ლოკომოტივში გამოჩნდა და 6 თვეში ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა (რუბინის კარში). ქართველი შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით ყაზანის რუბინში გადავიდა, სადაც პირველივე სეზონში რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარეს, მიმდინარე სეზონი კი წარმატებულად დაიწყო და გუნდის ლიდერის ფუნქციები იტვირთა.

კომენტარები

ბოლო ამბები