Thumbnail
  • ჰიუსტონ როკეტსი 100:110 (1-3) ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლეიკერსში ორმაგი დუბლი დევისს, ლებრონსა და რონდოს ჰქონდათ
  • ჰარდენმა თამაშიდან 11-ჯერ ისროლა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ ჩააგდო 

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ჰოუსტონ როკეტსი დაამარცხა და სერიაში ანგარში თავის სასარგებლოდ 3-1 გახადა. 

აღსანიშნავია, რომ როკეტსის კალათბურთელებმა მეტოქეზე 5-ით მეტი სამქულიანი და 15-ით მეტი საჯარიმო ისროლეს, NBA-ს ისტორიაში კი პირველად მოხდა, რომ პლეი ოფის სტადიაზე დამარცხდა გუნდი, რომელსაც შესრულებული სამქულიანებისა და საჯარიმოების რაoდენობა +5 ჰქონდა. ამასთან, ჰიუსტონს ამ მატჩში შეტევაში მხოლოდ 1 მოხსნა ჰქონდა, რაც ლიგის პლეი ოფების ისტორიაში უარესი მაჩვენებელია (ასეთი სულ სამი შემთხვევა იყო). 

ენტონი დევისი შეტევაშიც აქტიური იყო და დაცვაშიც

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი ენტონი დევისს ჰქონდა. ლეიკერსის ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა: 29 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი. დუბლით გამოირჩა ლებრონ ჯეიმსიც, რომელმაც 16 ქულასა და 15 მოხსნას 9 პასი დაუმატა. 

"ვგრძნობ, რომ დღეს დაცვაში ნელი ვიყავი. უკეთესად თამაში შემიძლია. მატჩის დასაწყისში თითქოს რიტმიდან ამოვვარდი, მაგრამ გუნდის დასახმარებლად ვცდილობ, შეტევაში ვიბრძოლო მოხსნებზე. დარწმუნებული ვარ, თამაშზე გავლენის მოხდენა, ჩაგდებული ქულების გარდა, სხვა საშუალებებითაც შემიძლია", - თქვა ენტონი დევისმა.

კიდევ ერთი დუბლი ლეიკერსის გამთამაშებელ რეჯონ რონდოს ანგარიშზეა (11 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი). რონდო პირველი მოთამაშეა ლეიკერსის სათარაგოებიდან, რომელმაც პლეი ოფის სტადიის მატჩში, სულ ცოტა, 10 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

ჯეიმს ჰარდენს თამაშიდან სროლა არ წაუვიდა

ჰიუსტონში ყველაზე მეტი ქულა რასელ უესტბრუკის ანგარიშზეა - 25, ჯეიმს ჰარდენს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 21 ქულა, 10 პასი, თუმცა როკეტსის ლიდერმა ქულები დიდწილად საჯარიმოებით დააგროვა (16/20), ხოლო თამაშიდან სულ ორჯერ ჩააგდო (11 მცდელობიდან). ეს კი ყველაზე უარესი შედეგია იმ კალათბურთელებს შორის, რომლებსაც NBA-ს პლეი ოფის სტადიის მატჩში არანაკლებ 20 ქულა ჩაუგდიათ. 

"ჯეიმს ჰარდენი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი მოთამაშეა. უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ, შევზღუდოთ მას ყველაფერი, რასაც ის ასრულებს. მაგრამ სრულებით ამას ვერ ვახერხებთ, რადგან ჰარდენი შეტევაში ძალიან მაღალი კლასის შემსრულებელია", - თქვა თამაშის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა ჰარდენზე.

📺 ჰიუსტონი V ლეიკერსი

სერიის მოსაგებად ლეიკერსს ერთი მოგებაღა რჩება, მომდევნო დაპირისპირება კი თბილისის დროით, 13 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები