Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო
  • მის გუნდს 'ნევის თასზე' მომდევნო მატჩი დღეს ავტოდორთან ელის

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შემდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ცსკა-მ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ციკლში ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო და ეს სანკტ-პეტერბურგში მოხდა, სადაც ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდის “ნევის თასზე” სათამაშოდ ჩავიდა. მოსკოველებმა ზენიტთან მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და მხოლოდ ნიკოლა მილუტინოვის მიერ ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით მოიგეს (80:78), არადა, თამაშის განმავლობაში 15 ქულითაც კი იყვნენ წინ.

თორნიკე შენგელიამ მოსკოველთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა

სხვაობის “დაქაჩვა” პეტერბურგელთა ამერიკელმა ლიდერმა კევინ პანგოსმა ითავა, რომელმაც ჯამში 21 ქულა მოაგროვა, თუმცა, მის აქტიურობას შენგელიამ 2 ზუსტი სამქულიანით უპასუხა და მეტოქეს გადასწრების შანსი არ მისცა, საბოლოოდ კი, ყველაფერი მაინც ბოლოსკენ გაირკვა.

თორნიკე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 20:01 წუთში 13 ქულა (ამაზე მეტი – 14 ქულა მხოლოდ რუნა-ბასკეტთან მისთვის სადებიუტო შეხვედრაში ჰქონდა), 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და ის გუნდის რიგებში მხოლოდ ამერიკელ ლეგიონერებს მაიკ ჯეიმსსა (27) და უილ კლაიბერნს (15) ჩამორჩა. პირველმა 19 ქულა და 8 პასი მოაგროვა, მეორემ კი – 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა.

ცსკა “ნევის თასზე” მორიგ შეხვედრას დღეს ჩაატარებს, მეტოქედ კი სარატოვის ავტოდორი ეყოლება. საინტერესოა, რომ პირველადი ვერსიით, აღნიშნულ ტურნირზე, ცსკა-სთან და ზენიტთან ერთად ყუბანის ლოკომოტივსა და უნიკსს უნდა ეთამაშათ, თუმცა ამ გუნდებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა და მათ პეტერბურგში ჩასვლა გადაიფიქრეს.

კომენტარები

ბოლო ამბები