Thumbnail

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 8 ერის პირველობაში მიწვეულია, ტურნირს შემოდგომის ერთა თასი ეწოდა...

ახალ ტურნირს მიწვეული "ბორჯღალოსნები" ეგრევე ფავოროტით იწყებენ და თან სად - რაგბის მექად წოდებულ ლონდონის "თვიქნემზე" - 14 ნოემბერს (19:00-ზე) შემოდგომის ერთა თასის პირველი ტურის მატჩში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. 

საქართველოს ნაკრებს ისტორიაში არასდროს რგებია ლონდონის "თვიქნემზე" თამაშის პატივი. 1907 წელს აშენებული ლეგენდარული არენა რაგბის მატჩებისას 82 ათას გულშემატკივარს იტევს. სარაგბო მატჩების გარდა იქ ამერიკული ფეხბურთის თამაშებიც იმართება და მსოფლიოში ცნობილი ჯგუფების კონცერტები. 

რაც შეეხება მსოფლიო რაგბის გრანდ ინგლისთან დაპირისპირებას, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამ გუნდს მსოფლიოს თასის მიღმა შევხვდებით. აქამდე ორივე დაპირისპირება კი მსოფლიოს თასებზე მოხდა. ბუნებრივია, "ბორჯღალოსნებმა" ორივე თამაში წააგეს. 

2003 წელს საქართველოს ნაკრები კლოდ სორელის ხელმძღვანელობით ისტორიაში პირველ მატჩს ატარებდა მსოფლიოს თასზე. პერთში (ავსტრალია) ჩვენი გუნდი 6:84 დამარცხდა. ეს ახლაც ეროვნული ნაკრების ანტირეკორდია, თუმცა იყო პოზიტივიც - პირველი ქულები მსოფლიოს თასის ისტორიაში (ურჯუკაშვილისა და ჯიმშელაძის საჯარიმოები). 

აი, 2011 წლის მსოფლიოს თასზე დანიდინში (ახალი ზელანდია) ჩვენი მეორე დაპირისპირება კი სულ სხვანაირი გამოდგა - პირველი ტაიმის დასასრულს მსოფლიო რაგბის კომენტატორი ამბობდა, რომ "არ ვარ დარწმუნებული, ინგლისი რამეთი სჯობს საქართველოსო". მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ინგლისელებმა 41:10 იმარჯვეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები