Thumbnail

შოტლანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ნარშავები” შემოდგომაზე ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრებთან ჩაატარებენ. სქოთებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ახალი ექსპერიმენტული ტურნირის - “შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის ჩატარების შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 23 ოქტომბერს ედინბურგში, კერძოდ კი, სტადიონ მარიფილდზე შედგება. ამის შემდეგ, შოტლანდია გეზს უელსისკენ აიღებს და 31 ოქტომბერს ექვსი ერის გასული გათამაშების დასკვნით თამაშს ჩაატარებს. "ნარშავები" სწორედ ამ მატჩებით მოემზადებიან ახალი შეჯიბრისთვის, სადაც ჯგუფში სამ შეხვედრას ჩაატარებენ: 14 ნოემბერს – იტალიასთან, 22-ში – საფრანგეთთან და 28-ში – ფიჯისთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ და შოტლანდიამ 2019 წლის მსოფლიოს თასის წინ ორი მატჩი ჩაატარეს. აგვისტოს ბოლოს შოტლანდიის ნაკრები პირველი გუნდი გახდა 6 ერიდან, ვინც თბილისში ითამაშა. მაშინ სტუმრებმა 44:10 მოიგეს, ერთი კვირის შემდეგ კი, ხსენებულ მარიფილდზე 36:9 იმარჯვეს. სქოთების სასარგებლოდ დასრულდა მანამდე გამართული კიდევ 2 შეხვედრა: 15:6 - 2011 წლის მსოფლიო თასზე და 43:16 - 2016 წლის საშემოდგომო ტესტებზე.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, "ბორჯღალოსნები" “შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში ნოემბრიდან ჩაებმებიან. ქართველი მორაგბეები ჯგუფში ინგლისს, უელსსა და ირლანდიას შეხვდებიან, მე-2 ჯგუფში კი საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები