Thumbnail

სებასტიან ფეტელის გარშემო მითქმა-მოთქმას და კითხვის ნიშნებს ბოლო მოეღო: გერმანელი პილოტის მომავალი გარკვეულია!

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი 2021 წელს ასტონ მარტინში იასპარეზებს. ეს ინფორმაცია გუნდმა ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა. მანამდე, გუნდმა, რომელიც ახლა რეისინგ პოინტის სახელით გამოდის, ოთხშაბათს სერხიო პერესის წასვლა დაადასტურა, მეორე დღეს კი - ფეტელთან კონტრაქტის გაფორმება.

“მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს შემიძლია, ეს მაგარი სიახლე გაცნობოთ. ძალიან ვამაყობ იმით, რომ შემიძლია გითხრათ: 2021 წელს ასტონ მარტინის პილოტი ვიქნები,” - ნათქვამია სებასტიან ფეტელის ოფიციალურ განცხადებაში.

“ეს ჩემთვის ახალი თავგადასავალია, ლეგენდარული ავტომწარმოებლის გუნდის წევრი ვხდები. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს ძალიან კარგი მომავალი აქვს. ლაურენს სტროლთან თანამშრომლობაც მახარებს. ვფიქრობ, ჩვენ ერთად რაღაც განსაკუთრებულს შევქმნით. მინდა გითხრათ, რომ ფორმულა 1 ძველებურად მიყვარს. ჩემი მოტივაცია ლიდერებში ყოფნაა და ამის გაკეთება ასტონ მარტინთან ერთად დიდი პრივილეგია იქნება,” - დასძენს გერმანელი.

სებასტიან ფეტელმა ფერარიში 5 სეზონი გაატარა, მაგრამ იტალიელებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა. სებას ოთხივე ტიტული რედ ბულთან ერთად აქვს მოგებული.

იტალიის გრანპრის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები