Thumbnail

US OPEN | სერენა 1/2-ფინალშია - 20 ეისი ურეიტინგო მეტოქესთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სერენა უილიამსი 4:6, 6:3, 6:2 ცვეტანა პირონკოვა
  • სერენა აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა
  • ცვეტანა კორტს სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა 

სერენა უილიამსი აშშ-ის ღია პირველობის ½-ფინალში გავიდა. "დიდი სლემის" ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა, რომელიც ტურნირში მესამე ნომრადაა განთესილი, ¼-ფინალში ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას დრამატულ შეხვედრაში აჯობა. 

მეტოქეებმა კორტზე 2 საათი და 14 წუთი გაატარეს. 32 წლის ბულგარელმა, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ნათამაშები არ ჰქონდა და ურეიტინგოა, სერენასთან პირველი სეტი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და მოიგო კიდეც, თუმცა მეორე სეტიდან ამერიკელის უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. 

მსოფლიოს მერვე ჩოგანმა 20 ეისი მოაწოდა, დაუშვა ერთი ორმაგი შეცდომა და 9-იდან 4 ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერხა. პირონკოვას ანგარიშზე 4 ეისი, ერთი ორმაგი შეცდომა და ხუთიდან ორი რეალიზებული ბრეიკ-პოინტია.

2010 წელს ცვეტანა WTA-ს რეიტინგი 31-ე იყო 

"თუკი ბავშვის გაჩენა შეგიძლია, ე.ი. ყველაფერი შეგიძლია. დღეს ცვეტანამ ეს დაამტკიცა. ის არაჩვეულებრივად თამაშობდა. მე მშობიარობის შემდეგ ერთი თამაშის მოგებაც არ შემეძლო", - შეაქო მატჩის შემდეგ სერენამ ცვეტანა, რომლისთვისაც აშშ-ის ღია პირველობა პირველი ტურნირია დეკრეტიდან დაბრუნების შემდეგ.  

38 წლის სერენა ჯერ ისევ ცდილობს ავსტრალიელი მარგარეტ კორტის მიღწევის გამეორებას, რომელსაც ერთეულთა თანრიგში "დიდი სლემის" 24 ტურნირზე გაუმარჯვია. ამერიკელმა ბოლოს 2017 წელს, ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.

სერენა უილიამსი ფინალის საგზურისთვის ბელარუსი ვიკტორია აზარენკასა და ბელგიელი ელიზე მერტენსის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები