Thumbnail

ESPN-ის ინფორმაციით, ინდიანა პეისერსის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს. პირველ რაუნდში გასაუბრება 10-ზე მეტ კანდიდატთან არის დაგეგმილი, რომელთა შორის არიან ბეკი ჰემონი და დეივ ჯორგერი.

ბეკი ჰემონი 43 წლის სპეციალისტია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. ის სან ანტონიოში გრეგ პოპოვიჩის ასისტენტად 2014 წლიდან მუშაობს. ბეკი NBA-ს ისტორიაში მეორე ქალი მწვრთნელია ლიზი ბოიერის შემდეგ და თუ ინდიანაში დაამტკიცებენ, ისტორიაში პირველი ქალი მთავარი მწვრთნელი გახდება. WNBA-ში თამაშისას ის ერთხელ გახდა ლიგის MVP (2005 წ), ექვსჯერ კი "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2008 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. 

წაიკითხე | გოგა ბითაძის ინტერვიუ NBA-ში პირველ სეზონზე, მომავალსა და საქართველოს ნაკრებზე

დეივ ჯორგერი 46 წლის სპეციალისტია, რომელსაც მემფისი და საკრამენტო გაუწვრთნია. კანდიდატთა სიაში კიდევ რამდენიმე ასისტენტია, რომლებთანაც მოსალაპარაკებლად ინდიანას კლუბის ნებართვა ესაჭიროება. ერთ-ერთი ასეთი ასისტენტი ყოფილი კალათბურთელი ჟაკ ვონია, რომელიც ახლა ბრუკლინში მწვრთნელის დამხმარედ მუშაობს. 

შეგახსენებთ, რომ ინდიანა პეისერსი პლეი ოფის პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, ნეით მაკმილანი მოხსნა. ამერიკულ მედიაში მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად მაიკ დ'ანტონი ითვლება, ჰიუსტონის ამჟამინდელი თავკაცი. 

კომენტარები

ბოლო ამბები