Thumbnail

'მას თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია' - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გენტის მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
  • ქართველი ლეგიონერი, სავარაუდოდ, ეუპენთან თამაშს გამოტოვებს

გენტის მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას დიდი პროგრესის მიღწევა კიდევ შეუძლია. რუმინელი სპეციალისტი კმაყოფილია იმ გზით, რომელსაც 21 წლის ქართველი შემტევი ადგას. ბოლონიმ ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში (მეხელენთან) ჩაკვეტაძის თამაში შეაფასა.

"მან თავი ლამაზი მოძრაობებით და იმპულსებით გამოიჩინა. ეს სტიმულია ბიჭისთვის, რომელიც წელიწად-ნახევარი დაბრუნებისთვის მუშაობდა. ტრავმის შემდეგ დაბრუნება რთულია, მაგრამ ის სწორ გზაზე დგას. მისი მოქმედებები კარგია, თუმცა ყველამ იცის, რომ ბევრად უკეთესადაც შეუძლია თამაში. ეს მიღწევადია და თან, მას ჩვენი ნდობაც აქვს. ჩაკვეტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშზე უფრო მეტი უნდა იფიქროს და კიდევ ექნება დიდი პროგრესი“, - თქვა გენტის თავკაცმა.

ლასლო ბოლონის ჩაკვეტაძის ეიმედება

ბელგიური კლუბი უახლოეს შეხვედრას ეუპენთან გამართავს, მაგრამ დიდი შანსია, რომ ჩაკვეტაძე მოედანზე ვერ ვიხილოთ. ეს ინფორმაციაც თავად ბოლონიმ დაადასტურა. ქართველი სანაკრებო მატჩების შემდეგ ბელგიაში დღეს ჩავიდა, კორონავირუსის ტესტირებას გაივლის და სანამ პასუხი არ იქნება, გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს. სწორედ ამიტომ, რუმინელი რისკზე წასვლას გამორიცხავს.

"ძალიან მცირე შანსია, რომ განაცხადში მოხვდეს, რადგან ტესტის შემდეგ შედეგს უნდა დაველოდოთ, თუ პასუხს თამაშამდე მხოლოდ 5 საათით ადრე მივიღებთ, მაშინ არანაირი რისკზე წასვლას არ ვაპირებთ", - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ გენტმა პირველ სამ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და 11 სექტემბერს, ეუპენს შეხვდება. ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიურ გუნდში ერთი თამაში ჩაატარა, ხოლო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები