Thumbnail

კლოდ სორელი: საქართველოს 8 ერში მონაწილეობამ, შეიძლება, ეს იდეა გააჩინოს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, კლოდ სორელმა პრესტიჟულ ფრანგულ სპორტულ გაზეთ L'Équipe-ს ინტერვიუ მისცა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს სარაგბო ნაკრები და მისი ახალი პერსპექტივა - 8 ერის ტურნირი იყო. 

კლოდ სორელი და ილია ზედგინიძე

L'Équipe: საქართველო 8 ერის ტურნირზე იაპონიის ნაცვლად ითამაშებს...

კლოდ სორელი: საქართველო ზუსტად იმ დროს ერთვება საოცნებო ტურნირში, როცა რაგბის ფედერაციაში პოლიტიკური ცვლილებებია. ფედერაციაში კარგა ხანია, უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. ამჟამად სპორტის სამინისტროს დანიშნული ჩინოსანი დროებით მართავს ფედერაციას. სავარაუდოდ, არჩევნები დეკემბერში ჩატარდება.

L'Équipe: რა იცით დღევანდელ საქართველოს ნაკრებზე, რომელიც სულ მალე 8 ერში უნდა ჩაერთოს?

კლოდ სორელი: ნაკრები საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის. გუნდი აღდგენის პროცესშია. გუნდიდან ახალზელანდიელი მწვრთნელი წავიდა, ახლის მოსვლამდე კი "ბორჯღალოსნებს" ადგილობრივები ავარჯიშებენ, თუმცა მათ საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია აქვთ. ეს კი, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებში აღმასვლის ფაზაა. 

L'Équipe: ანუ საქართველომ განვითარების დინამიკა დაკარგა?

კლოდ სორელი: არა, მთლად მასეც არ არის, საერთო დინამიკა შენარჩუნებულია, უბრალოდ, მოთამაშეები ძალიან დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო. მთავრობა ძალიან ფრთხილობდა, ქვეყანა ჩაკეტილი იყო. შედეგი შესანიშნავი იყო - 4.5-მილიონიან ქვეყანას მხოლოდ 17 გარდაცვლილი ჰყავდა კორონავირუსით. თუმცა სპორტსმენები ვერ ახერხებდნენ ნორმალურად ვარჯიშს.

L'Équipe: როგორც ვიცით, ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი შეწყდა და არ განახლებულა...

კლოდ სორელი: დიახ ასეა. ახალი სეზონი ახლახან დაიგეგმა.

L'Équipe: თქვენ, როგორც ყოფილი თავკაცი, რას ფიქრობთ, როგორ დაკომპლექტდება ნაკრები ამ ტურნირისთვის?

კლოდ სორელი: ვფიქრობ, ნაკრების ორი მესამედი კვალიფიციური მორაგბეებისგან დაკომპლექტდება, რომლებიც ფრანგულ Top 14-ში და Pro D2-ში თამაშობენ. არ დავივიწყოთ არც Fédérale 1-იც.

L'Équipe: რა დონეზე დააყენებდით ახლანდელ ეროვნულ ნაკრებს?

კლოდ სორელი: ახლა საქართველოს ნაკრები ცოტა უფრო სუსტია, ვიდრე იტალიის ნაკრები. ნაკრები თავიდან უნდა აღორძინდეს. რომ შევადაროთ, კიბეზე აღმასვლას, ახლა საქართველოს ნაკრები კიბის საფეხურების ავლის მერე, "ისვენებს". ამის გარდა, ფედერაციაში ფინანსური პრობლემებია. რომ გქონდეთ წარმოდგენა, საქართველოში რაგბის წლიური ბიუჯეტი 4 მილიონი ევროა, ეს კი საშუალოდ ერთი კლუბის ბიუჯეტია Fédérale 1-ში.

L'Équipe: შესაძლოა, 8 ერში საქართველოს გამოსვლა საჭირო ბიძგი გახდეს ქართული ფედერაციისთვის, რომელიც ათწლეულზე მეტია, ამ შანსს ელოდა?

კლოდ სორელი: 6 ერის გუნდებთან, რომელთაც ფიჯიც ემატება, თამაში შესაძლოა, გახდეს წარმატებული ქართული რაგბისთვის ფინანსური კუთხით. ამ შემთხვევაში, ქართველები აუცილებლად რამე კარგს მოიფიქრებენ. ექვსი ერის მხრიდან ეს დიდსულოვნება და ალტრუიზმი აუცილებლად დაფასდება.

L'Équipe: შეგიძლიათ იმის წარმოდგენაც, რომ 6 ერის ორგანიზაცია საქართველოს სრულფასოვან მიღებაზე დაფიქრდეს? 

კლოდ სორელი: ნოემბრის ტურნირმა შეიძლება გააჩინოს ასეთი იდეა. არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა, რომ არა Covid-19. ეს მოულოდნელი შანსია საქართველოსთვის, რომ თავი გამოიჩინოს და დაამტკიცოს, რომ ქართული რაგბი უკვე იმ დონეზეა, რომ სულ მალე შეძლებს 6 ერის ტურნირს შეუერთდეს, მაგრამ მაინც, ვშიშობ, რომ ეს ძალზე რთული პროცესი იქნება.

L'Équipe: თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც ფიქრობს, რომ ყველაზე საუკეთესო შანსი მათ რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ?

კლოდ სორელი: 2003-დან 2008 წლამდე პერიოდი ყველაზე ხელსაყრელი დრო იყო, ევროპულ ელიტაში "ასასვლელად". იმ დროს საქართველოს ნაკრებს ბევრი მაღალი დონის მორაგბე ჰყავდა და იტალიასთან კონკურირებაც შეეძლო. მაგრამ იმედს არ ვკარგავ! 
საქართველოში სარაგბო სკოლები მუდამ სავსეა ბავშვებით, მათი აღზრდა მაღალ დონეზე მიმდინარეობს. უკვე ცხადია, რომ ის ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებში გამოჩნდნენ, ძალიან სწრაფად პროგრესირებენ, მათ სულ სხვა შესაძლებლობები აქვთ.  

შეგახსენებთ, რომ კლოდ სორელი ამჟამად 72 წლისაა, ის 1997-2003 წლებში ხელმძღვანელობდა "ბორჯღალოსნებს". სწორედ მას უკავშირდება ნაკრების პირველი წარმატება - 2001 წელს გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის ერთა თასი (ახლა - რაგბი ევროპის ჩემპიონატი). ეს წარმატება გუნდმა მხოლოდ 6 წლის შემდეგ გაიმეორა. 2003 წელს კი სორელის თავკაცობით, "ბორჯღალოსნებმა" ისტორიაში პირველად ითამაშეს მსოფლიოს თასზე.

კომენტარები

ბოლო ამბები