Thumbnail

'ამით თამაშების რეპუტაცია დაზარალდება' - პეკინს ოლიმპიადას ჩამოართმევენ?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჩინეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არ არის'
  • სოკ-ისთვის გაგზავნილ საგანგებო განცხადებას ხელს 160-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს

ადამიანის უფლებების დამცველმა 160-ზე მეტმა ორგანიზაციამ საგანგებო განცხადებით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რათა გადახედილ იქნას გადაწყვეტილება 2022 წელს ჩინეთში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესახებ.

განცხადებას ხელს უიგურელი, ტიბეტელი, ჰონგკონგელი და მონღოლი აქტივისტები აწერენ აზიიდან, ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, აფრიკიდანა და ავსტრალიიდან. წერილში წუხილია გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთში ადამიანთა უფლებები კვლავაც ხშირად ირღვევა. განსაკუთრებით ხაზგასმულია სინცზიანის პროვინციაში უიგურების მძიმე მდგომარეობა და ჰონგ კონგთან დაკავშირებული საკითხები.

“საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა გაითავისოს, რომ ოლიმპიური თამაშების სული და რეპუტაცია დაზარალდება, თუკი თამაშების მასპინძელ ქვეყნებს ადამიანის უფლებების კიდევ უფრო უკეთ დაცვას არ მოსთხოვენ. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩინეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის”, - წერია განცხადებაში, რომელსაც უკვე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჩინელების აზრით, პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი და ქვეყანა ისე მოქმედებს, როგორც მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის არის საჭირო. იქნება ეს სინცზიანში, ტიბეტსა თუ ჰონგ კონგში. ამასთან, ჩინელებს მაგალითად პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაც მოჰყავთ, რომელიც საყოველთაო აზრით, მაღალ დონეზე ჩატარდა.

ჯერჯერობით, კონკრეტული განცხადებისგან თავს იკავებს თავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. იქ უბრალოდ თქვეს, რომ მათ ჩინეთისგან ყველა პირობა აქვთ მიღებული, რათა ზამთრის ოლიმპიური თამაშებს საფრთხე არ შეექმნას, შესაბამისად, მასპინძელმა ქვეყანამ ოლიმპიური ქარტიის პრინციპებიც მკაცრად უნდა დაიცვას. შეგახსენებთ, რომ რიგით XXIV ზამთრის ოლიმპიადა პეკინში 2022 წლის 4-20 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები