Thumbnail

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში ჰიუსტონ როკეტსი 112:102 დაამარცხა და 2:1 დაწინაურდა. გადამწყვეტი იყო შეუდარებელი მეოთხე პერიოდი, ლებრონ ჯეიმსი და ‘პლეიოფ რონდოს’ კიდევ ერთი გაბრწყინება.

რონდომ თავისი 21 ქულიდან 12 სწორედ ბოლო მეოთხედში ჩააგდო. მას 5-დან 3 სამქულიანი ჰქონდა და 9 პასი. ლებრონმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში ‘იფრინა’ - ჯამში 36 ქულა დააგროვა, 7 მოხსნა, 5 პასი და 4 დაფარებაც. მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ენტონი დევისმა (26 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი) და კაელკ კუზმამ (14 ქულა სკამიდან) იმაში, რომ ლეიკერსმა მეტ-ნაკლებად თანაბარი მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

რაჟონ რონდო და ლებრონ ჯეიმსი

ბოლო ფაზაში ჰიუსტონ როკეტსმა ლეიკერსის ძლიერ დაცვას ვეღარაფერი დააკლო. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს ჰარდენმა 33 ქულა დააგროვა (პლუს 9 მოხსნა და 9 პასი), ხოლო რასელ ვესტბრუკმა კი - 30 ქულა (ასევე 8 მოხსნა და 6 პასი).

ლებრონ ჯეიმსისთვის ეს პლეი ოფში მოპოვებული 162-ე გამარჯვება გახლდათ. ამით მან ექს-ლეიკერსელ დერეკ ფიშერს გადაასწრო, რომელსაც პლეი ოფში 161 მოგება აქვს. “ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ გუნდებში, დიდ თანაგუნდელებთან და დიდ მწვრთნელებთან ერთად მიმუშავია,” - ასეთი იყო ლებრონის კომენტარი რეკორდის შესახებ.

გარდა ამისა, ჯეიმსმა პირველ ტაიმში თავისი გუნდის ქულების 47,5% ჩააგდო, რაც ლეიკერსში ბოლო 25 პოსტსეზონში საუკეთესო მაჩვენებელია - ამის შესახებ ESPN წერს.

რაც შეეხება რონდოს რეკორდს: მან პლეი ოფში კარიერის მე-1000 ასისტი გააკეთა და NBA-ს ისტორიაში გახდა მე-12 მოთამაშე, რომელსაც ეს ზღვარი აქვს გადალახული. ამასთან, რონდოს 12 ქულა მეოთხე პერიოდში ლეიკერსის სათადარიგო კალათბურთელისთვის საუკეთესო შედეგია პლეი ოფში ბოლო 20 წელიწადში.

“უბრალოდ ავიღე ყველაფერი, რაც შემომთავაზეს. როცა ვიხსნებოდი, თანაგუნდელები მპოულობდნენ და დიდი თავდაჯერებით ვისროდი,” - განაცხადა მატჩის შემდეგ რონდომ.

ლეიკერსსა და ჰიუსტონს შორის მომდევნო მატჩი 11 სექტემბერს გაიმართება.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები