Thumbnail
  • რამაზ ხარაზიშვილმა გიორგი გახარიასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
  • იუნკერების ლიდერი ფიქრობს, რომ ჩემპიონატს 4-5-წლიანი გეგმა სჭირდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეც ესწრებოდნენ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ საქართველომ 8 ერში ითამაშოს.

POPSPORT იუნკერების ლიდერს, რამაზ ხარაზიშვილს დაუკავშირდა, რომელიც მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული. ის შეხვედრების დეტალებზე გვესაუბრა.

Popsport: პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 6 ერის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. რამდენად რეალურია ჩვენი 8 ერის ტურნირში დამატება?

რამაზ ხარაზიშვილი: ეს საკითხი აქტიურად განიხილება. ჩემი ინფორმაციით, 6 ერის წარმომადგენლებთან ძალიან ბევრს საუბრობენ, რათა საქართველო 8 ერში დაემატოს. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია ეს საკითხი. წესით, ერთ კვირაში უნდა გამოცხადდეს ოფიციალურად, როცა 100%-იანი დასტური იქნება

Popsport: დიდი 10-ის პრობლემები ერთჯერადად მოგვარდა, მაგრამ მთავარი სტაბილურობაა. შიდა ჩემპიონატზე თუ გქონდათ საუბარი?

რამაზ ხარაზიშვილი: ამ შეხვედრაზე დიდი 10-ის შესახებ დეტალურად არ გვისაუბრია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ, როგორც პრემიერს, ისე განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტროს.

აუცილებელია 4-5 წლიანი განვითარების გეგმა შიდა ჩემპიონატისთვის, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. ზოგადი მხარდაჭერა არსებობს ამასთან დაკავშირებით და ყველას სურვილია, რომ შიდა ლიგებში დონემ მოიმატოს, რათა ნაკრებებს ხარისხიანი შევსება ჰქონდეთ .

Popsport: რომელიმე საერთაშორისო ტურნირში რეგულარულ ჩართვაზე თუ ისაუბრეთ და სახელმწიფოს დახმარების იმედი თუ არსებობს ამ საკითხში?

რამაზ ხარაზიშვილი: ჩვენი კლუბებისთვის დამატებითი ინტერესი და მოტივაცია იქნება საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და უცხოურ ტურნირებში ჩართვა. ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და დახმარებასაც დაგვპირდნენ. არის რამდენიმე ვარიანტი - ფინალისტი გუნდების ჩართვასთან დაკავშირებით ევროპულ ტურნირში და ასევე განიხილებოდა ფრანჩიზას შექმნა.

ფრანჩიზას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და ჯერჯერობით ჩვენთვის ძვირადღირებულია, რადგან ნაკრებთან მიახლოებული პირობები სჭირდება. ჩემი აზრით, შიდა ჩემპიონატის გაძლიერება და ფინალისტი გუნდებისთვის ევროტურნირებში ასპარეზობის ხელშეწყობა ამ მომენტში ჰაერივით საჭიროა და უალტერნატივო ვარიანტია.

კომენტარები

ბოლო ამბები