Thumbnail

'6 ერთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ' - რაგბის კავშირის საგანგებო განცხადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს რაგბის კავშირმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ექსპერიმენტულ 8 ერის გათამაშებაში ბორჯღალოსნების შესაძლო ჩართვას ეხება. მოგეხსენებათ, ბრიტანული წყაროები ამ ამბავს გადაწყვეტილ ამბად მიიჩნევენ და უკვე ჯგუფების შემადგენლობაც გარკვეული აქვთ. საქართველოს რაგბის კავშირი ადასტურებს, რომ შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამს, რომ მალე ყველაფერი ოფიციალური დადასტურდება.

“ბოლო დროს, სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემოდგომას გასამართ, ეგრეთ წოდებულ 8-ერის ტურნირში, იაპონიის ნაცვლად, საქართველო მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეგვიძლია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს პრემიერ მინისტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, როგორც მსოფლიო რაგბის, ასევე 6 ერის წარმომადგენლებთან. გვინდა აღვღნიშნოთ, რომ როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, 8 ერის ტურნირში ბორჯღალოსნების მონაწილეობა ისტორიული მიღწევა იქნება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით და აღსანიშნავია ფონდი “ქართუს” უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში საქართველოს მონაწილეობის შესახებ სიახლეებს ოფიციალურად მალე გაგაცნობთ”.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ერთჯერადი შეჯიბრის ჩატარების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, კალენდარი სარაგბო სამყაროსაც აერია. თავიდანვე შემუშავეული იქნა ტურნირის სქემა, სადაც 6 ერის წევრ ქვეყნებს 2 მიწვეული ნაკრები უნდა დამატებოდა. ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოც არაერთხელ ახსენეს (ფიჯისთან, იაპონიასთანა და სამხრეთ აფრიკასთან ერთად), ახლა კი, როგორც სჩანს, ყველაფერი გადაწყვეტილია. იაპონელთა და აფრიკელთა უარის შემდეგ, შეჯიბრის ორგანიზატორებს “ბორჯღალოსანთა” მიწვევის გარდა, სხვა არჩევანი აღარც ჰქონდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები