Thumbnail

დინამო ბათუმის თავდამსხმელი ფლამარიონ ჯოვინო კარიერას ვოლგოგარდის როტორში გააგრძელებს - ბრაზილიელი ფეხბურთელი რუსულ გუნდში 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. ჯოვინოს დინამო ბათუმთან კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული და როტორს მისი გამოსყიდვა 3 მილიონ ევროდ შეეძლება. მისი ტრანსფერის დადასტურების შემდეგ ფლამარიონ ჯოვინოს დავუკავშირდით და მან რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.

POPSPORT: დინამოდან სეზონის მთავარი მატჩის წინ მიდიხარ. გული გწყდება?

ფლამარიონ ჯოვინო: რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სეზონს დინამო ბათუმთან ერთად ვერ ჩავამთავრებ და მათ შორის ვერც დინამო თბილისის წინააღმდეგ მატჩში მივიღებ მონაწილეობას. ჩემთვის რუსეთის ჩემპიონატში თამაში უდიდესი გამოწვევაა. შემიძლია ვთქვა, რომ შანსი მომეცა და ეს ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

POPSPORT: დაბრუნების ვარიანტს განიხილავ?

ჯოვინო: ჩემი კონტრაქტი არენდას გულისხმობს. როტორში სეზონის ბოლომდე ვითამაშებ. როგორ განვითარდება მოვლენები ამის შემდეგ, არ ვიცი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დინამო ბათუმში დავბრუნდე.

ჯოვი ლოკომოტივის კარში გატანილ გოლს აღნიშნავს

POPSPORT: როტორის შესახებ რა იცი?

ჯოვინო: ვიცი, რომ გუნდი გასულ სეზონში პირველ ლიგაში თამაშობდა და რუსულ პრემიერლიგას ამ სეზონში დაუბრუნდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველ ლიგაში თამაშის დროს გუნდში სერიოზული სამუშაო ჩატარდა. ჩემი აზრით, გუნდი საკმაოდ ძლიერია და მოხარული ვიქნები, თუ დავეხმარები.

POPSPORT: რუსეთის ჩემპიონატის შესახებ რა ინფორმაცია გაქვს?

ჯოვინო: ჩემი გადასახედიდან რუსული პრემიერლიგა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი და საკმაოდ რთული ტურნირია. როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ასეთ რთულ ტურნირში თავი გამოვიჩინო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

'დინამო ბათუმისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ გუნდი ისეთ დონეზეა მომზადებული, რომ დასახული მიზანს მიღწევა უნდა მოახერხოს'

POPSPORT: როგორ ფიქრობ, დინამოს შენს გარეშე გაუჭირდება ჩემპიონობისთვის ბრძოლა?

ჯოვინო: ვიცი, რომ დინამო ბათუმისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ გუნდი ისეთ დონეზეა მომზადებული, რომ დასახული მიზანს მიღწევა უნდა მოახერხოს. დინამოში ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბია, რომელმაც შეძლო და საკმაოდ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა. დინამო ბათუმში თამაში კარიერის მნიშვნელოვან ეტაპად მიმაჩნია. ვფიქრობ, დინამო ჩემპიონობის მოპოვების მთავარი ფავორიტია.

POPSPORT: შეგიძლია დინამოს ფანებს და თანაგუნდელებს აქედან მიმართო - რას ეტყვი მათ?

ჯოვინო: დინამო ბათუმს არაჩვეულებრივი ფანები ჰყავს. თითოეულ მათგანს მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა. განუმეორებელი იყო ის მომენტები, როდესაც ფანები ჩემს სახელს სკანდირებდნენ. ეს არასდროს დამავიწყდება. იმედი მაქვს, რომ ისინი გამიგებენ. როტორში წასვლა ჩემი შანსია და ეს შანსი უნდა გამოვიყენო. ფეხბურთელების ცხოვრება სავსეა ცვლილებებით და ჩემს კარიერაში ახლა სწორედ ცვლილებების დროა. მადლობა დინამოს ფეხბურთელებს და მწვრთნელებს. მათგან ყოველდღიურად ვგრძნობდი მხარდაჭერას. მწვრთნელები მენდობოდნენ და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მოთამაშეები კი ჩემი საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალებას მაძლევდნენ.

📌 24 წლის ფლამარიონ ჯოვინო დინამო ბათუმმა მონტენეგროს ლოვცენიდან დაიმატა და მას შემდეგ გუნდის ლიდერი გახდა. სწორედ ჯოვინოს დიდი დამსახურებით, 2018 წელს გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნება მოახერხა - მაშინ სამხრეთამერიკელმა ეროვნულ ლიგა 2-ში 24 გოლი გაიტანა. 2019 წლის ეროვნული ლიგის სეზონში ჯოვინომ 30 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო და წლის ბოლოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მთლიანობაში ბრაზილიელმა დინამო ბათუმში გატარებულ 3 წელიწადში 96 თამაში ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.

ჯოვის 4 წელი დინამოში

კომენტარები

ბოლო ამბები