Thumbnail

დეველოპერულმა სტუდიამ 2K ახალი ვიდეოთამაში - NBA 2K21 შექმნა და ტრადიციულად, NBA-ს მოთამაშეებს რეიტინგები მიანიჭა, რაც კალათბურთის ქომაგებს შორის ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე.

პოპულარული თამაშის ახალ ვერსიაში 100-ქულიანი შეფასებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (97) ლებრონ ჯეიმსსა და იანის ანტეტოკოუნმპოს (მილუოკი) აქვთ, მათ თითო ქულით კავაი ლეონარდი (კლიპერსი) და ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) მიჰყვებიან, კევინ დურანტს (ბრუკლინი), ენტონი დევისსა (ლეიკერსი) და სტეფ კარის 95 ქულა უგროვდებათ, NBA-ს უმთავრეს ევროპელ ვარსკვლავ ლუკა დონჩიჩს კი 94 ქულა მიანიჭეს.

საუკეთესო რეიტინგი ლებრონ ჯეიმსსა და იანის ანტეტოკოუნმპოს აქვთ

და რა ვითარება გვაქვს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მოთამაშე ერთადერთ ქართველ კალათბურთელთან დაკავშირებით? გოგა ბითაძეს NBA 2K20-ში 74 ქულა ჰქონდა, ამჯერად კი, მისი რეიტინგი მინიმალურად დაეცა და 73-ს გაუტოლდა (ჩატენვებში 65 ქულა დაუწერეს, სამქულიანებში – 60). თვალსაჩინოებისთვის საინტერესი იქნება ინდიანა პეისერსის სრული შემადგენლობის მაჩვენებლების გაცნობაც:

დომანტას საბონისი (85), ტი ჯეი უორენი (85), მალკოლმ ბროგდონი (83), ვიკტორ ოლადიპო (82), მაილს ტერნერი (79), ჯერემი ლემბი (77), აარონ ჰოლიდეი (76), დაგ მაკდერმოტი (76), ტი ჯეი მაკკონელი (75), ჯასტინ ჰოლიდეი (75), გოგა ბითაძე (73), ჯაკარ სემპსონი (73), ედმონდ სამნერი (71), ტი ჯეი ლიფი (71), ალიზ ჯონსონი (70), ბრაიან ბოუენი II (68), ნაზ მიტრუ-ლონგი (68).

ინდიანამ 21 წლის ბითაძე გასული წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა. გოგამ რეგულარულ სეზონში 54 მატჩი ითამაშა, 2-ჯერ კი სასტარტო ხუთეულშიც იყო. მისი საშუალო სტატისტიკა 8.7 წუთი, 3.2 ქულა და 2.0 მოხსნა გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა 471 წუთში 37 დაფარება მიითვალა, რაც ახალბედებში მე-8 შედეგი იყო.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი, ვინც NBA 2K21-ის ყდაზე იქნება გამოსახული, ლოს ანჟელესის ლეიკერსის ექს-ვარსკვლავის კობი ბრაიანტია, კალათბურთელი, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. კობი თამაშის სტანდარტული და სპეციალური გამოშვების Mamba Forever-ის ქავერზე გამოჩნდება. თამაშის სახელის ინსპირაციაც ვარსკვლავის მეტსახელი, Black Mamba-ა. ცნობისთვის, ბრაიანტი, აქამდე NBA 2K-ის თამაშის ორი ვერსიის,  NBA 2K10-ისა და the NBA 2K17-ის ლეგენდარული გამოშვების ქავერებზე იყო გამოსახული. გეიმერები ახალი თამაშის გამოსვლას სექტემბერშივე ელიან, სტანდარტული ვერსიის ფასი კი 60$ იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები