Thumbnail

'ეს არ იყო განზრახ, მაგრამ არასწორი იყო' - ჯოკოვიჩის ბოდიში და კირიოსის ირონია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობაზე მომხდარ ინციდეტსა და თავის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. სერბი ჩოგბურთელი წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო. 

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც ტურნირის მე-4 წრეში, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას ხვდებოდა, ერთ ეპიზოდში ემოციები ვერ მოთოკა, ბურთი კედლისკენ გაგზავნა და ის დამხმარე მსაჯს მოარტყა. ქალი არბიტრი ძირს დაეცა, ხველება აუტყდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ იხრჩობოდა. ნოვაკი მაშინვე ბოდიშის მოსახდელად მივარდა, მსაჯი კი მალე მოასულიერეს და ის რაიმე მძიმე სახის ტრავმას გადაურჩა. სერბი კი აგრესიული ქმედებისთვის ტურნირიდან მოხსნეს.

"ამ ვითარებამ ძალიან დამაღონა და გამომფიტა. გადავამოწმე, როგორ გრნობს ლაინსმენი თავს და მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მადლობა ღმერთს, ის კარგადაა. მის სახელს ვერ დავასახელებ, რათა მისი კონფიდენციალურობა დავიცვა. ძალიან ვწუხვარ, რომ მას ასეთი სტრესი მივაყენე. ეს არ იყო განზრახ. ეს არასწორი იყო. მსურს, ეს უსიამოვნო შემთხვევა და ტურნირიდან დისკვალიფიკაცია, მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებად მივიღო, რათა გავაგრძელო ზრდა და პიროვნულად განვითარება.

პატიებას ვთხოვ აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორებს. დიდი მხარდაჭერისთვის კი მადლობელი ვარ ჩემი გუნდისა და ოჯახის წევრების, ასევე ფანების, რომლებიც ყოველთვის გვერდში მყვანან. გმადლობთ და ძალიან ვწუხვარ. ეს მძიმე დღე იყო ყველასთვის", - დაწერა ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

ჯოკოვიჩის შემთხვევაზე კომენტარი მსოფლიო ჩოგბურთში ცნობილმა არაერთმა სახემ გააკეთა. საინტერესო განცხადებით ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი გამოირჩა. 

"შემთხვევით მე რომ გამერტყა ბურთი ყელში, დისკვალიფიკაციას რამდენი წლით მომისჯიდნენ? 5, 10 ან 20", - დაწერა სკანდალებით ცნობილმა ჩოგბურთელმა თავის ტვიტერში.

კორტზე ემოციების კონტროლით კირგიოსი დიდად არ გამოირჩევა

33 წლის სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერაში “დიდი სლემის” 17 ტურნირი აქვს მოგებული, აშშ-ის ღია პირველობაზე კი სამჯერ გაუმარჯვია (2011, 2015 და 2018 წლებში). რაც შეეხება პაბლო კარენო ბუსტას, ესპანელი ჩოგბურთელი ტურნირის ¼-ფინალში კანადელ დენის შაპოვალოვს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები