Thumbnail
  • აშშ-ს ღია პირველობა მსოფლიოს პირველი ჩოგნის გარეშე გაგრძელდება
  • ნოვაკ ჯოკოვიჩს არბიტრის დაშავებისთვის უმკაცრესი სასჯელი გამოუტანეს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ს ღია პირველობიდან მოხსნეს. ამის მიზეზი სერბი ჩოგბურთელის არასპორტული საქციელი გახდა, რამაც ერთ-ერთი დამხმარე მსაჯი დააზარალა.

US Open-ის მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილი ჯოკოვიჩი ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას ხვდებოდა და პირველ სეტში 5:5-ზე თავისი მოწოდება წააგო. ამით გაბრაზებულმა ნოლემ ბურთი კედლისკენ გაგზავნა, თუმცა ძლიერი დარტყმა გამოუვიდა და ის მსაჯს მოხვდა. ქალბატონი არბიტრი ძირს დაეცა, ხველება აუტყდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ იხრჩობოდა. ნოვაკი მაშინვე ბოდიშის მოსახდელად მივარდა, მსაჯი კი მალე მოასულიერეს და ის რაიმე მძიმე სახის ტრავმას გადაურჩა.

ამ ინციდენტის გამო, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა და სუპერვაიზერებმა დიდხანს ითათბირეს და სერბი ვარსკვლავის მატჩიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც საჩოგბურთო სამყაროში დიდი გაოცება გამოიწვია. საქმე ის გახლავთ, რომ წესების დარღვევისთვის ჩოგბურთელს აფრთხილებენ, შემდეგ ქულას აკლებენ, მესამე ჯერზე გეიმში წაგებას უთვლიან და მხოლოდ ბოლოსაა დისკვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში, აშკარად სჩანდა, რომ ჯოკოვიჩს მსაჯის დაშავების განზრახვა არ ჰქონია, თუმცა, მაინც ჩაითვალა, რომ მან არბიტრს მძიმე სახის დაზიანება მიაყენა და მყის უმკაცრესი სასჯელი გამოუწერეს.

“დარტყმა ისეთი სერიოზული არ ყოფილა, რომ ის საავადმყოფოში წასაყვანი გამხდარიყო. და ამისთვის უნდა მომხსნათ? ეს ჩემი კარიერა, დიდი სლემი, ცენტრალური კორტია. ამბობთ, რომ არჩევანი არ გაქვთ, არადა, ასე არაა. გეიმში წაგება ჩამითვალეთ, თუნდაც სეტში, ბევრი ვარიანტია”, - ეუბნებოდა ნოლე სუპერვაიზერებს, თუმცა მათ ვერაფერი შეასმინა.

მალევე US Open-მა საგანგებო განცხადება გაავრცელა: “დიდი სლემის ტურნირების რეგლამენტის თანახმად, განზრახ სახიფათო ანაც უპასუხისმგებლო დარტყმის გამო, რომელმაც მსაჯი დააზარა, ნოვაკ ჯოკოვიჩი დისკვალიფიცირებულ იქნა. ამის გამო ის დაკარგავს ტურნირზე გამომუშავებულ ყველა ქულას და ვერც საპრიზო თანხას მიიღებს. ინციდენტის შესწავლის შემდეგ, შესაძლებელია მას დამატებითი სანქციების დაეკისროს”.

საინტერესოა, რომ ჩოგბურთის ღია ერაში (1968 წლიდან მოყოლებული) ჯოკოვიჩი მხოლოდ მე-3 ჩოგბურთელი გახდა, ვინც დიდი სლემების ერთეულთა ტურნირიდან მოხსნეს. 1990 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ამერიკელი ჯონ მაკინროი დასაჯეს (ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში არაკორექტული ქმედებისთვის), 2000 წლის როლან გაროსზე კი - ავსტრიელი შტეფან კუბეკი (ბურთის მიმწოდებელი ბიჭისთვის ჩოგნის სროლისთვის).

კომენტარები

ბოლო ამბები