- იტალიის გრანპრიზე ძალიან სანახაობრივი რბოლა ვიხილეთ
- ფეტელი, ლეკლერი და ფერსტაპენი გავარდნენ
- ჰემილტონი დაჯარიმდა და რბოლას სენსაციური გამარჯვებული ჰყავს
თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისათვის, რომ ლუის ჰემილტონს მორიგი გამარჯვება ეზეიმა, მაგრამ ამის ნაცვლად, მონცას რბოლა სენსაციური, ისტორიული გამოდგა!
2730-დღიანი (!!!) პაუზის შემდეგ, ფორმულა 1-ში გრანპრი მოიგო პილოტმა, რომელიც არც მერსედესს წარმოადგენს, არც ფერარის და არც რედ ბულს. და ამ გამარჯვებულის სახელი და გვარია პიერ გასლი! ფრანგმა ალფა ტაურით მოიგო, მეორე ადგილზე კარლოს საინსი (მაკლარენი) გავიდა, მესამეზე კი - ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი).
'ვინ წარმოიდგენდა, თუ ეს ალფა ტაურისთან ერთად მოხდებოდა?' - პიერ გასლი
2730 დღის წინ იგივე კიმი რაიკონენს ჰქონდა გაკეთებული - 2013 წლის 17 მარტს ფინელმა ლოტუსში შეძლო ასეთი წარმატების მიღწევა. მას მერე რბოლებს ან მერსედესის პილოტი იგებდა, ან ფერარის, ანაც - რედ ბულის.
"გიჟური რბოლა იყო! ბოლო 18 თვეში იმდენი რამ მოხდა. ჩემი პირველი პოდიუმი, ახლა მონცაში ჩემი პირველი გამარჯვცება ალფა ტაურისთან ერთად. სიტყვები არ მყოფნის. ეს უბრალოდ სიგიჟეა! გასაოცარი დღე გამოვიდა. როცა ფორმულა 1-ში მოვდიოდი, მიზნად დავისახე, რომ ისევ მოეგო ფრანგს რბოლა, მაგრამ თუ ეს ალფა ტაურისთან ერთად მოხდებოდა, ვინ წარმოიდგენდა." - განაცხადა რბოლის შემდეგ გასლიმ.
მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფერარი-მერსედესი-რედ ბულის სერია მონცაში შეწყდებოდა. მაგრამ იტალიის გრანპრი ქაოსური და ძალიან კარგი საყურებელი გამოვიდა.
სტარტის შემდეგ რედ ბულის პილოტი ალექს ალბონი რომან გროსჟანს შეეჯახა, მანევრისთვის ჯარიმა მიიღო. მისი თანაგუნდელი მაქს ფერსტაპენი მოგვიანებით რბოლას ტექნიკური პრობლემის გამო გამოეთიშა.
მე-6 წრეზე სებასტიან ფეტელს მარცხენა უკანა ბორბალზე მუხრუჭი აუფეთქდა და რბოლა ფარეხში დაასრულა. უარესი დაემართა ფერარის მეორე პილოტ შარლ ლეკლერს: 22 წლის მონაკოელმა პარაბოლიკას მოსახვევში ბოლიდის მართვა დაკარგა და კიდევ კარგი, რომ მიუხედავად ძალიან საშიში შეჯახებისა, უვნებელი გადარჩა. თუმცა ბოლიდი ისეთ დღეში იყო, რომ რბოლა 27-ე წრეზე შეწყდა.
ამ დროისთვის მერსედესს უკვე ჰქონდა პრობლემები. ვალტერი ბოტასი რაღაცებში ვერ გაერკვა და მეორედან მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ლუის ჰემილტონი სოლიდურად მიდიოდა, მაგრამ როდესაც 21-ე წრეზე Safety Car გამოჩნდა, გუნდმა ბრიტანელს ბოქსებში უხმო - მიუხედავად იმისა, რომ პიტ ლეინი დაკეტილი იყო. ამ დროს ჰემილტონმა 10-წამიანი Stop-and-Go-ჯარიმა მიიღო და გამარჯვების შანსი დაკარგა. მსოფლიოს ჩემპიონმა მოგვიანებით მაინც დაამტკიცა, რომ ძალიან მაგარია - წრეს მინიმუმ წამით უფრო სწრაფად გადიოდა, ვიდრე სხვები, მაგრამ მაქსიმუმი, რაც საბოლოოდ შეძლო, მე-7 ადგილია.
ამ ყველაფრით კი გასლიმ ისარგებლა!
რესტარტის დროს მან სტროლს აჯობა, რის შემდეგაც თავისი ალფა ტაურით თამამად მიიწევდა ფინიშისკენ პირველი! შეგახსენებთ, რომ ფრანგი რედ ბულიდან ალფა ტაურიში სუსტი შედეგების გამო გაუშვეს. ახლა კი მან გაიმეორა ის, რაც სებასტიან ფეტელმა 2008 წელს შეძლო: 2008 წელს სებამ სწორედ მონცაში მოიგო, ტორო როსოთი (როგორც ალფა ტაურის ამ სეზონამდე ერქვა) თავისი პირველი რბოლა ფორმულა 1-ში.
ეს მაშინ დიდი სენსაცია გახლდათ…
რბოლის მიმოხილვა
საერთო ჩათვლა - TOP 10
1. უის ჰემილტონი (მერსედესი) - 164 ქულა
2. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 117
3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 110
4. ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი) - 57
5. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 57
6. ალექს ალბონი (რედ ბული) - 48
7. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 45
8. პიერ გასლი (ალფა ტაური) - 43
9. კარლოს საინსი (მაკლარენი) - 41
10. დანიელ რიკარდო (რენო) - 41
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედეს-ბენცი - 281 ქულა
2. რედ ბულ რეისინგი - 158
3. მაკლარენი - 98
4. რეისინგ პოინტი - 82
5. რენო - 71
6. ფერარი - 61
7. ალფა ტაური - 47
8. ალფა რომეო - 2
9. ჰაასი - 1
10. უილიამსი - 0
კომენტარები