Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელები ესპანეთის ჩემპიონატის სტარტისთვის ემზადებიან
  • შერმადინი ისევ გამორჩეულია, ბურჯანაძემ კი სასტარტო ხუთეულში ადგილი მოიპოვა

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში ფუენლაბრადასთან 84:89 წააგო, საქართველოს ნაკრების ცენტრი კი შედეგიანად გაისარჯა და კუნძულელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:47 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც ტენერიფელთა რიგებში ვერავინ გადაფარა.

იბეროსტარს კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი დღეს ესტუდიანტესთან ჰქონდა დაგეგმილი და ეს თამაში დაიწყო კიდეც, თუმცა, მალევე შეწყდა, რისი მიზეზიც დეიან ტოდოროვიჩის ტრავმა გახდა. სერბი კალათბურთელი მეტოქეს შეეჯახა, მძიმედ დაშავდა და გუნდების გადაწყვეტილებით, თამაში აღარ გაგრძელებულა. ტენერიფელებს მომდევნო თამაში უკვე ესპანეთის სუპერთასის ეგიდით ელით. მადრიდის რეალთან ნახევარფინალი 12 სექტემბერსაა დაგეგმილი.

ბექა ბურჯანაძემ ესტუდიანტესთან უშეცდომოდ ითამაშა

იგივე მეტოქეებთან ჰქონდა გაწერილი მოსამზადებელი მატჩები გრან კანარიას, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ესტუდიანტესს 94:83 მოუგო, ბექამ კი 18:48 წუთში 13 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ბურჯანაძემ 2-ვე ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო ანუ შეტევა არ გაუფუჭებია. გასაკვირი არაა, რომ მას სარგებლიანობის კოეფიციენტიც (17) საუკეთესო ჰქონდა.

ალბათ, ამის დამსახურებაც იყო, რომ ფუენლაბრადასთან წაგებულ (87:90) შეხვედრაში ის უკვე სასტარტო ხუთეულში იყო და 17:16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. სეზონის დაწყებამდე, გრან კანარია კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს – 11 სექტემბერს მალაგის უნიკახასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები