Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანს ახალ კლუბში მოკრძალებული სტატისტიკა აქვს
  • მოსკოვური კლუბი მთელი მატჩი აგებდა და პეტერბურგელებს ბოლოსკენ აჯობა

თორნიკე შენგელიას ახალმა კლუბმა მოსკოვის ცსკა-მ სეზონისთვის მზადების ციკლში მე-4 მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც გამარჯვება იზეიმა, თუმცა სანკტ-პეტერბურგის ზენიტთან ყველაზე მეტად გაუჭირდა.

თორნიკე შენგელია ზენიტთან მატჩში

შენგელია და მისი თანაგუნდელები შეხვედრის განმავლობაში 14 ქულითაც კი აგებდნენ და მატჩში პირველად დაწინაურება მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხეს, საბოლოოდ კი, პეტერბურგელებს 78:72 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 23:50 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 3-დან 1 ორქულიანი და 11-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესონი ამერიკელი კალათბურთელები მაიკ ჯეიმსი (23 ქულა) და უილ კლაიბერნი (18 ქულა, 9 მოხსნა) იყვნენ, ზენიტის მხრიდან კი 5 ქულას 5 მოხსნა წაამატა უილ ტომასმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და 2011-12 წლებში თბილისურ არმიაში თამაშობდა.

შენგელიას გუნდი მომდევნო საკონტროლო მატჩს 7 სექტემბერს ხიმკისთან ჩაატარებს, რომელსაც 2-ში უკვე ეთამაშა და 99:83 სძლია, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 6 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები