Thumbnail

დონარუმა ისევ მეტ ხელფასს ითხოვს - ამისთვის, მას ადრე ყალბი დოლარები ესროლეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 21 წლის ჯანლუიჯი დონარუმას სეზონში 10 მილიონი სურს
  • იტალიელი მეკარის კონტრაქტს ვადა გაისად ზაფხულში გასდის

მილანის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვს. Corriere Della Sera-ს ცნობით, იტალიელის აგენტმა მინო რაიოლამ ხელმძღვანელობას ფეხბურთელისთვის ხელფასის 6-დან 10 მილიონ ევრომდე გაზრდა მოსთხოვა.

აღსანიშნავია, რომ დონარუმას მილანთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და თუ მანამდე მხარეები ვერ შეთანხმდებიან, კლუბის უფასოდ დატოვებას შეძლებს. მიუხედავად ამ ფაქტორისა, ძნელად სავარაუდოა, რომ "როსონერი" ხელფასის გაზრდას დათანხმდეს. უფრო მეტიც, კორონავირუსის პანდემიის გამო, სერია A-ს კლუბში სახელფასო ბიუჯეტის შემცირებას ცდილობენ.

დონარუმა 2017 წლის ზაფხულში ამავე მიზეზით უკვე გაეხვა სკანდალში. მაშინ, სანამ ის ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, გულშემატკივრებმა თამაშის დროს დოლარის ყალბი კუპიურები ესროლეს და დამცინავი მეტსახელიც გამოუგონეს - "დოლარუმა". შეგახსენებთ, რომ 21 წლის მეკარე მილანის აღზრდილია და შავ-წითლების შემადგენლობაში 203 თამაში აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები