Thumbnail

'იყო მეორე გზაც, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი' - მესი ბარსაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიურ გუნდში რჩება! 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, რომელსაც ბარსას დატოვების სურვილი ჰქონდა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მან განაცხადა, რომ ბარტომეუს ხელმძღვანელობით კლუბი კატასტროფულ მდგომაროებაშია და მას წასვლა სურს, თუმცა ბარსელონას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს ვერ შეიტანს, რადგანაც კლუბი ძალიან უყვარს. პოპსპორტი არგენტინელის ვრცელ კომენტარს გთავაზობთ.

ლიონელ მესი: სასტიკ დრამას ჰგავდა ის მომენტი, როდესაც ჩემს ოჯახს ვუთხარი, რომ აქედან უნდა წავსულიყავით. ჩემს შვილებს არ სურდათ ბარსელონას დატოვება, არც სკოლის შეცვლა და მთელი ოჯახი ტიროდა.

მე უფრო შორს ვიხედებოდი. მსურდა, რომ უმაღლეს დონეზე გამეგრძელებინა თამაში და ტიტულების მოგება. შეიძლება მოიგო, შეიძლება დამარცხდე - ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ ბოლოს უკვე კონკურენციას ვეღარ ვუწევდით მეტოქეებს.

ბოლო წლებში რაც გვემართებოდა, სწორედ ამის გამო დავიწყე წასვლაზე ფიქრი. პრეზიდენტი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სეზონის ბოლოს მე შემეძლო გადაწყვეტილების მიღება. კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. 10 ივნისს, როდესაც ლა ლიგის შუა სეზონი იყო, მე წასვლაზე ვერაფერს ვიტყოდი.

ერთადერთი გზა 700 მილიონი ევროს გადახდა იყო, რაც შეუძლებელია - ეს არის მიზეზი, რის გამოც კლუბში ვრჩები. მეორე გზა სასამართლო იყო, მაგრამ მე ბარსელონას წინააღმდეგ სასამართლოში ვერ წავალ, რადგანაც ეს კლუბი ძალიან მიყვარს. მან ყველაფერი მომცა და მეც ყველაფერი მივეცი. ჩვენი გზები სასამართლოში არასდროს გადაიკვეთება.

მატეო ჯერ პატარაა და ვერ გააანალიზა, თუ რა ხდება. ტიაგომ ყველაფერი ტელევიზორში ნახა და მომაძახა, რომ ბარსელონადან წასვლა არ სურს. ჩემს წასვლაში ცუდს ვერ ვხედავდი. ეს ყველასთვის კარგი იქნებოდა: კლუბისთვისაც და  ჩემთვისაც. ჩემი მეუღლე ბოლომდე მხარს მიჭერდა. 

პარალელურად, ლეოს მომავალს აქტიურად უკავშირდებდნენ მანჩესტერ სიტის, სადაც ამჟამად ბარსელონაში მისი ყოფილი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მუშაობს. ბოლოს დასახელდა ტურინის იუვენტუსის ვარიანტიც...

ლიონელ მესი კატალონიურ გრანდში 13 წლის ასაკიდანაა და ბარსას პირველ გუნდში 731 ოფიციალურ მატჩში 634 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელს კატალონიელებთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული, რომლის თანახმად, ფეხბურთელის ტრანსფერის მსურველმა კლუბმა 700 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

კომენტარები

ბოლო ამბები