Thumbnail

სუარესი იუვეში მიდის - ბარსელონა კონტრაქტის შეწყვეტაზე თანახმაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ურუგვაელი ფორვარდი კარიერას იტალიურ სერია A-ში გააგრძელებს
  • სუარესი კუმანის გემოვნებაში არ ჯდება, ტურინელებს კი ის მოსწონთ

ესპანური ბარსელონას 33 წლის ფორვარდი ლუის სუარესი კარიერას იტალიური იუვენტუსში გააგრძელებს. მხარეები უკვე ყველაფერზე შეთანხმებულები არიან და მხოლოდ იმას ელიან, კატალონიური გრანდი ურუგვაელ ფეხბურთელთან კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე განცხადებას როდის გააკეთებს. ამ ინფორმაციას ტვიტერის გვერდზე ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე ავრცელებს.

ცნობისთვის, სუარესს ბარსელონასთან მოქმედი ხელშეკრულება 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა, ესპანური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მისი დახმარებით დაინტერესებული აღარაა. შესაბამისად, ბარსელონა მზადაა ურუგვაელ თავდამსხმელთან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტოს, რადგანაც სუარესის მსურველებს გამოსასყიდი თანხა (თრანსფერმარკტ მას 28 მილიონ ევროდ აფასებს) აფიქრებთ, ლუისი კი თანახმაა, დარჩენილი სეზონისთვის არცთუ დიდი კომპენსაცია მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფორვარდი ბარსელონაში 2014 წელს ინგლისური ლივერპულიდან გადაბარგდა. გასულ სეზონში მან 36 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი და 12 საგოლე პასი მიითვალა. ლუისი ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში ჯერ კიდევ 2007 წლიდან თამაშობს და 113 მატჩში 59 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები