Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს პირველ შეხვედრას გამართავს - ტალინში, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს არის 2020/21 წლების უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის პირველი ტურის დაპირისპირება, რომელიც "ა ლე კოქ არენაზე" უმაყურებლოდ გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც მეტოქეს, უკვე ათი თვეა არ უთამაშია და ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბოლოს გასული წლის ნოემბერში, ხორვატიაში ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ანგარიშით 1:2 წააგო, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი პაპუნაშვილის გოლით იგებდა. რაც შეეხება ესტონეთს, ნიდერლანდებთან 1:5 განადგურდა. თუმცა, მას შემდგომ დიდი დრო გავიდა.

საქართველის ნაკრები ტალინში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა, რომელთა შორის ვაკო გვილია და ეროვნული გუნდის დებიუტანტი გიორგი კუცია ვერ მოხვდნენ. ლეგიას ნახევარმცველს მცირე დაზიანება აქვს და თბილისში დარჩა, იმ იმედით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან (8 სექტემბერს) თამაშს მოახერხებს. რაც შეეხება კუციას, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ის 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდა.

საქართველოს ნაკრები ტალინში ჩავიდა
📷 | GFF

მანამდე, ვაისს ტრავმების გამო ჯიმი ტაბიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა დვალი და ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდნენ. კორონავისურის პანდემიის გამო შეზღდული საერთაშორისო მიმოსვლის გამო, სან ხოსეს ლეგიონერები: გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებს საერთოდ ვერ შეუერთდნენ.

როგორც ხედავთ, სლოვაკ სპეციალისტს დაცვის ხაზში დიდი დანაკლისი აქვს - კაშია, ნავალოვსკი, ტაბიძე და დვალი. შედეგად, ვაისმა დინამო ბათუმის მცველი მამუკა კობახიძე და დინამო თბილისის წევრი დავით კობოური გამოიძახა, რომლებიც ნაკრების დებიუტანტები არიან.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე. გენტის შემტევს ბოლოს ეროვნული გუნდის მაისურა 2018 წლის ნოემბერში ეცვა, ყაზახეთთან და გოლიც გაიტანა. ზოგადად, გიორგის საქართველოს ნაკრებში შესაშური სტატისტიკა აქვს - 7 მატჩი, 5 გოლი. აქედან 4-ჯერ მან სწორედ ერთა ლიგაზე გაიტანა და სიმბოლურია, რომ მისი დაბრუნება ამ ტურნირზე შედგება, ოღონდ უკვე სხვა დივიზიონში...

ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებში თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
📷 | GFF

ესტონეთის ნაკრებს გუნდის მთავარი ლიდერი რაგნარ კლავანი ვერ დაეხმარება. ლვერპულის ყოფილი და ახლა უკვე იტალიური კალიარის მცველი ტრავმირებულია. შეხვედრას ლიეტუველი მსაჯები განსჯიან, მთავარი არბიტრი 32 წლის დონატას რუმშასი იქნება, რომელიც ბარათების "მოყვარულია". ცნობისთვის, მან ბოლო 10 თამაშში საშუალოდ 5.8 ყვითელი და 0.6 წითელი ბარათი გამოიყენა...

საქართველოსთან ლიეტუველი მსაჯის გზა ორჯერ გადაიკვეთა, 2018 წელს თბილისში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯერ აზერბაიჯანთან წააგო (1:2) და მერე ისრაელს დაუზავდა (1:1). ორივე ამ შეხვედრაში მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი იყვნენ, რომლებიც დიდი შანსია, რომ ტალინში მოედანზე ვიხილოთ.

ესტონეთი ფიფას რეიტინგში 104-ე ადგილზეა და ბოლო 5 მატჩია, გოლი არ გაუტანია

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრები ესტონეთს 6-ჯერ შეხვედრია, მაგრამ ეს იქნება პირველი ოფიციალური თამაში. აქამდე, მხოლოდ სპარინგები იყო და უპირატესობა ჩვენს მხარესაა - 3 მოგება, 2 წაგება და 1 ფრე (ბურთების შეფარდება - 8:7).

1998 წლის 18 ნოემბერს საქართველომ 3:1 იმარჯვა, დუბლი მიხეილ აშვეთიამ შეასრულა, ერთხელ დავით ჯანაშიამ გაიტანა. 2000 წლის 11 ივნისს ესტონელებს დარჩათ გამარჯვება (1:0), ხოლო 2008 წლის 27 მაისს ფრე დაფიქსირდა (1:1) და თავი ლევან ყენიამ გამოიჩინა. მას შემდეგ კიდევ სამჯერ გადაიკვეთა ამ გუნდების გზები: 2010 წლის 3 მარტს საქართველოს ნაკრებმა 2:1 მოიგო ლევან კობიაშვილისა (პენალტით) და დავით სირაძის გოლებით, ხოლო 2015 წლის 11 ნოემბერს, ტალინში ქართველები 0:3 დამარცხდნენ.

ბოლო შეხვედრა ვლადიმირ ვაისს კარგად უნდა ახსოვდეს, რადგან ის უკვე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო და "მიხეილ მესხზე" ჯიმი ტაბიძისა და ვაკო ყაზაიშვილის გოლებით, ანგარიშით 2:0 ვიმარჯვეთ (2018 წლის 27 მარტს). ბოლო მატჩში გოლების ავტორები ამჯერად ეროვნულ გუნდში არ იმყოფებიან.

საქართველომ ესტონეთი 2018 წელს ტაბიძისა და ყაზაიშვილის გოლებით დაამარცხა
📷 | GFF

ამრიგად, ისტორია გვეუბნება, რომ საქართველოს ნაკრებს ურთიერდაპირისპირებებში უპირატესობის მიუხედავად, ჯერ ტალინში არ მოუგია - 3 მატჩი, 1 ფრე, 2 მარცხი და ერთადერთი გატანილი გოლი. სამაგიეროდ, თბილისში სამივე თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა (7:2-ზე ბურთების ბალანსი).

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე დაუმარცხებელია - 6 მატჩი, 5 მოგება, 1 ფრე

⚽ საქართველოს ნაკრებს ესტონეთში არასდროს მოუგია - 1 ფრე, 2 წაგება

⚽ ესტონეთმა ერთა ლიგის 2018 წლის გათამაშებაში C დივიზიონში ითამაშა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. 6-დან 4 მატჩი წააგო, თუმცა უნგრეთთან ფრე ითამაშა (3:3), ხოლო საბერძნეთს ათენში მოუგო (1:0).

⚽ ესტონეთის ნაკრებმა ბოლო 8 თამაშიდან 7 წააგო (1 ფრე), მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და 25 გაუშვა.

⚽ ესტონეთმა ბოლოს ამხანაგურ მატჩში 2019 წლის მარტში გიბრალტარი დაამარცხა. ოფიციალურ შეხვედრაში უკანასკნელად საბერძნეთთან 2018 წელს მოიგო.

⚽ საქართველოს ნაკრებსაც ბოლო გამარჯვება გიბრალტართან აქვს მოპოვებული (3:2), ბოლო ორი თამაში კი წააგო (შვეიცარიასთან - 0:1, ხორვატიასთან - 1:2).

⚽ ვაისის გუნდმა ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ორჯერ მოიგო და ორჯერვე გიბრალტართან. მანამდე ერთა ლიგის D დივიზიონში 6-იდან 5 მატჩი მოიგო.

⚽ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან 3 მოიგო, ერთხელ ფრედ ითამაშა და 3-ჯერ წააგო.

⚽ ესტონეთის ნაკრებმა ბოლო 7 საშინაო მატჩიდან ერთი ფრედ ითამაშა (უნგრეთთან 3:3), დანარჩენი 6 თამაში კი წააგო.

⚽ საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩიდან ორი უგოლოდ დასრულდა, ორში გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ორში ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ესტონეთის ბოლო 5 მატჩში გოლს მხოლოდ ერთი გუნდი იტანდა, აქედან სამში კი 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ კარელ ვოოლაიდის გუნდმა ბოლო 5 თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

⚽ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებს 41 მატჩში უხელმძღვანელა (2016 წლიდან), საიდანაც 15 მოიგო, 14-ჯერ წააგო და 12-ჯერ ფრეს დასჯერდა (56:46-ზე ბურთების ბალანსი).

სავარაუდო შემადგენლობები

ესტონეთი (4-5-1): იგონენი - ტენისტე, ტამი, მეტსი, კალასტე - ანტონოვი, აინსალუ, ზენიოვი, ვასილიევი, ოიამა - ლიივაკი

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა - კვეკვესკირი, კანკავა - ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - ქვილითაია.

კომენტარები

ბოლო ამბები