Thumbnail

'შეუნარჩუნეთ სიცოცხლე!' - ირანელი მოჭიდავის შეწყალებას ტრამპიც ითხოვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თუკი ამ ვერდიქტს გააუქმებთ, ეს ჩემს მიერ შესაბამისად იქნება დაფასებული'
  • ირანელებს ნავიდ აფკარის შეწყალებისკენ UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმაც მოუწოდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპერატიულად გამოეხმაურა ცნობას იმის შესახებ, რომ ირანის სასამართლომ ცნობილი მოჭიდავის ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. ტრამპმა სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა და ირანის ხელისუფლებას ვერდიქტის გადახედვისკენ მოუწოდა:

“შევიტყვე, რომ ირანი აპირებს სიკვდილით დასაჯოს ჭიდაობის პოპულარული ვარსკვლავი – 27 წლის ნავიდ აფკარი, რომლის ბრალი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ქუჩაში ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა. მაშინ პროტესტანტები ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებითა და ინფლაციით იყვნენ უკმაყოფილონი. მივმართავ ირანის ლიდერებს: თუკი ამ ვერდიქტს გააუქმებთ და ამ ახალგაზრდა კაცს სიცოცხლეს შეუნარჩუნებთ, ეს ჩემს მიერ შესაბამისად იქნება დაფასებული. წინასწარ მადლობას გიხდით!”.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითიც, რომელმაც ირანის ხელისუფლებას ასევე მოუწოდა, რომ ნავიდ აფკარის მიმართ გამოტანილ უმკაცრეს სასჯელს გადახედონ:

“პირველ რიგში, ის ადამიანია, მეორეც, ერთ-ერთი ჩვენიანია. დიდი შანსია, მალე ჩვენს ორთაბრძოლებში ჩაბმულიყო. პირველი რაც ვიფიქრე, ისაა, რომ პრეზიდენტ ტრამპს დავურეკო და გავარკვიო, ჩვენს ქვეყანას რა შეუძლია. როგორც ვიცი, მან თავის ადმინისტრაციასთან ამ საკითხის განხილვა უკვე დაიწყო”.

შეგახსენებთ, რომ ირანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერსა და ქვეყნის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორ ნავიდ აფკარის სასიკვდილო განაჩენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობისთვის გამოუტანეს. აფკარი და მისი 2 ძმა – ვაჰიდი და ჰაბიბი დააკავეს და საერთო ჯამში, 20-მდე ბრალდება წაუყენეს (მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების შერყევა და ქვეყნის უმაღლესი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის უდიერად მოხსენიება).

View this post on Instagram

#SaveNavid

A post shared by Dana White (@danawhite) on

სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ ახლაღა გამოიტანა და ირანელ მოჭიდავეს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა, თუმცა, მანამდე, მას გაროზგვაც ელის (74 დარტყმა). როგორი სათქმელია, თუმცა, იოლად გადარჩნენ მისი ძმები: ვაჰიდ აფკარი გაროზგვის შემდეგ ციხეში 54 წელს გაატარებს, ჰაბიბი კი – 27-ს.

ისლამურ ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდა. იმ პერიოდში 25 ადამიანი დაიღუპა, ათასამდე კი დაპატიმრებულ იქნა. ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მაშინდელ არეულობაში გარეშე ქვეყნებს, უპირველეს ყოვლისა კი, აშშ-ს ადანაშაულებდა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, აფკარის გადასარჩენად კამპანია დაიწყო სოციალურ ქსელშიც, სადაც სპორტსმენის მხარდასაჭერ ჰეშთეგს აქტიურად აზიარებენ. ადამიანებს იმედი აქვთ, რომ თუკი ირანის ხელისუფლებაზე მასობრივი ზეწოლა მოხდება, წარმატებული მოჭიდავისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები