Thumbnail

ზუსტი სამიანი 0,5-წამით ადრე და ფოლადის კვერცხები - ტორონტომ ბოსტონს მოუგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბოსტონ სელტიკსი 103:104 (2-1) ტორონტო რეპტორსი
  • რეპტორსმა ბოლო წამზე ო’ჯი ანუნობის ზუსტი 3-ქულიანით მოიგო
  • ბოსტონელებს გასამარჯვებლად კემბა უოკერის 29 ქულაც არ ეყოთ  

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში ტორონტო რეპტორსმა ბოსტონ სელტიკსს მინიმალური ანგარიშით სძლია და სერიაში პირველი გამარჯვება იზეიმა - 1:2.

მატჩის გმირი ო'ჯი ანუნობი გახდა, რომელმაც თამაშის დასრულებამდე 0,5 წამით ადრე, როდესაც ანგარიში ბოსტონის სასარგებლოდ 103:101 იყო, პერიმეტრიდან ზუსტად ისროლა და ტორონტოს მოაგებინა. ანუნობიმ ორმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 10 მოხსნა. 

ანუნობიმ ტორონტოს ანგარიშში სხვაობა შეამცირებინა

"გამარჯვების მომტანი სროლა ადრეც შემისრულებია - ჯერ კიდევ სკოლის გუნდში. როგორც ყოველთვის, ახლაც მჯეროდა, რომ ჩავაგდებდი. ბურთს იმისთვის არ ვისვრი, რომ ავაცილო… და არც გამკვირვებია", - თქვა მატჩის შემდეგ გადამწყვეტი სრილის ავტორმა ბრიტანელმა ფორვარდმა. 

მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი გამთამაშებელმა კაილ ლოურიმ შეიტანა, რომელმაც 31 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. ერთ ეპიზოდში ლოურის ბრედ უონამეიკერის მუხლი საზარდულში მოხვდა. კაილი, რომელიც პარკეტიდან წამოდგომას ტკივილის გამო კარგა ხანს ვერ ახერხებდა, იქეთ დაჯარიმდა. 

"როგორც ჩანს, ფოლადის კვერცხები მაქვს. უბრალოდ, ვცდილობდი თამაშის მოგებას და აი, აქედან მოდის ენერგია. ჩემი კვერცხები ფოლადისგანაა და ჩვენ მოვიგეთ თამაში", - თქვა მატჩის შემდეგ ლოურიმ.

კაილ ლოირ მატჩის დასრულების შემდეგ ხუმრობის ხასიათზე იყო

ტორონტო გახდა NBA-ს მეოთხე კლუბი, რომლის მოთამაშეებმა ფინალურ სერიაში გამარჯვების მომტანი სროლა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ სეზონში შეასრულეს. მანამდე ეს ბოსტონ სელტიკსის (2009 და 2010 წლებში), ჩიკაგო ბულსისა (1993 და 1994) და ლოს ანჯელეს ლეიკერსის (1962-1964) კალათბურთელებმა შეძლეს.

ტორონტოსთან მატჩში ბოსტონში ყველაზე შედეგიანი გამთამაშებელი კემბა უოკერი იყო, რომლის ანგარიშზე 29 ქულა და 3-3 მოხსნა და პასია. ორმაგი დუბლი ჰეილენ ბრაუნს ჰქონდა - 19 ქულა, 12 მოხსნა.

📺 ბოსტონ 103:104 ტორონტო [მატჩის მიმოხილვა]

ბოსტონისა და ტორონტოს სერიის მეოთხე დაპირისპირება, თბილისის დროით, 6 სექტმებერს, შუა ღამისას გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები